ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ გაუშვეს 20-მდე თანამშრომელი „ნაცმოძრაობიდან“, მათ შორის კობა ხაბაზი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ენმ-ს მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი შეამცირა, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, აღნიშნული პირები მხარს უჭერდნენ 7 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას.

”კობა ხაბაზი – ”თავისუფალი ზონის” დამფუძნებელი და ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი, გოგა ონიანი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე; ზურაბ ცერცვაძე – საჩხერეში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი; გიორგი (ჯეო) ხურცილავა – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი, ვაჟა წოწკოლაური – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი, გიორგი ბაბაკიშვილი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, მოიგო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების არაერთი სკანდალური საქმე – ეს ადამიანები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას. დღეს ისინი შემცირებაში მოაყოლა “შიდადემოკრატიის” სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, მაგრამ სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი”, – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ის თანაპრტიელ სერგო რატიანსაც მიმართავს.

“იქნებ, ტყუილია, რომ რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომლებს პირადად დაურეკე და პასუხი მოთხოვე, შენთან შეუთანხმებლად რატომ გამოხატეს საჯაროდ პოზიცია დიდი ყრილობის მხარდასაჭერად? ამის მერე რატომ გიკვირს, რომ ადამიანების შემცირების მიზეზი სწორედ მათი პოზიცია მგონია და არა სხვა რამ? ან იქნებ ის არის ტყუილი, რომ კობა ხაბაზი დაიბარე კაბინეტში, სადაც მას გიგა ბოკერია დაახვედრე, შენ გახვედი, გიგამ კი კობას საქმის გარჩევა დაუწყო ერთ-ერთი აქტივისტის ფეისბუქ პოსტის გამო (რომელიც საერთოდ არ იყო თავისუფალი ზონის წევრი) და ბოლოს დაემუქრა, პარტიაში თუ მოვა, ფიზიკურად გავუსწორდები და ხალხსაც ვაორგანიზებ ამისთვისო?!!!

ამ ყველაფრის მერე იქნებ მიზნების და საშუალებების შესაბამისობაზე საკუთარი თავისა და პარტიის არაფორმალური მმართველისთვის დაგესვა კითხვა. დამერწმუნე, საქმეს ეს უფრო გამოადგებოდა.

უმორჩილესად გთხოვ, გაასაჯაროოთ ყველა შემცირებული თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია, რომ ნათელი იყოს შემცირების მოტივები. შტატების შემცირებამდე იქნებ ჩვენი აზრითაც დაინტერესებულიყავი, განგეხილა ხელფასების შემცირების ვარიანტიც, იქნებ ყველა თანახმა იყო ამაზე? მაგრამ მიზანი თუ არასასურველი ხალხის მოშორება და მათთან ანგარიშსწორება იყო, მაშინ გასაგებია ყველაფერი”,-წერს თაქთაქიშვილი.

მის ამ განცხადებას სერგო რატიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი დაფინანსების 100 000 ლარით შემცირების გამო გაათავისუფლა.

”ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ დაფინანსება თვეში დაახლოებით 100 000 ლარით შეუმცირდა. ჩემს კრიტიკოსებს შევახსენებ: მათ მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი, პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილება რომ გასულიყო, შესამცირებელი გაცილებით მეტი იქნებოდა. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მითუმეტეს, შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება (თუნდაც დამატებითი ფუნქციებით), ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს. ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის ჩემდა სამწუხაროდ გათავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი და არა მხოლოდ ჩამოთვლილი პირები. როგორც დარჩენილთა, ისე გათავისუფლებულებს შორის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხია. სახელებისა და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო. შემცირება ყოველთვის უსიამოვნო პროცესია, მითუმეტეს თანამებრძოლების და მითუმეტეს ახლა. შეიძლებოდა პასუხისმგებლობა ამ უჩვეულო ბუღალტერიაზე აღარ ამეღო. ოღონდ, რეალობა პროზაულია. დღეს თუ იტოვებ ოც კაცზე ვალდებულებას, ხვალ იძულებული ხარ გაუშვა სამსახურიდან ორმოცი. მე ”ნაციონალურ მოძრაობაში” 2012 წელს მოვედი და ჩემ მეგობრებთან ერთად ბევრი, ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა. მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

იტვირთბა....