აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაპირისპირება უკვე გაწერილი ფირმანის ფონზე: მარგველაშვილმა კომისია კიდევ უფრო გააერთპარტიულა

გია ხუხაშვილი: „მე ირაკლი კობახიძისგან ეს არ მიკვირს, 3 წლის წინ დაიბადა პოლიტიკაში, მანამდე სად იყო და რას აკეთებდა კაცმა არ იცის“

პრეზიდენტის უწყინარმა შეთავაზებამ, რომ ის საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე გამხდარიყო, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი „სამწუხაროდ“ მიიჩნევს ახალი საკონსტიტუციო კომისიის მოდელად წინა საპარლამენტო კომისიის დასახვას და ამბობს, რომ მან საერთოდ ვერ იმუშავა. მმართველი გუნდი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ახლა უკვე ზემოთაღნიშნული კომისიის თავმჯდომარეცაა, პრეზიდენტს შემოთავაზებას უწუნებს, ხოლო მისი ადმინისტრაციის წევრების განცხადებებს კი „არაკორექტულს“ უწოდებს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ მათ“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ  “საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი ითვალისწინებს კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას“.

ოპოციზია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება კვლავ გრძელდება და მისი კომისიაში არყოფნა მის მუშაობას ლეგიტიმაციას უკარგავს. საბოლოოდ, კონსტიტუციის გარშემო შექმნილი დისკურსი იმით მთავრდება, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს.

რა მნიშვნელობა ჰქონდა პრეზიდენტის ყოფნა-არყოფნას საკონტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარედ,  რატომ არ უნდოდა და რა საფრთხეს ხედავს მმართველი გუნდი მარგველაშვილის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაში – ამ და სხვა საკითხებზე „მეტრონომთან“ ექსპერტები და პოლიტიკოსები საუბრობენ.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბა და რომლის თავმჯდომარეც პარლამენტის სპიკერი იქნება, ძალიან ლოგიკურია მოცემული ინსტიტუციური ჩარჩოდან გამომდინარე.

„პრეზიდენტს არ აქვს საკონონმდებლო ინიციატივა, ვერ ჩაერთვებოდა კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვაში, ამიტომ ის ვერ აიღებდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მიღებულ დოკუმენტზე. მიუხედავად ამისა, რომც ჩართულიყო, ამით არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ეს არსებითად არაფერს ცვლიდა. იმდენად, რამდენადაც მას ისევე ერთი ხმა ექნებოდა, როგორც ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩვეულებრივი წევრების შემთხვევაში. ლეგიტიმაციაზე საუბარი ამ შემთხვევაში, მგონია, რომ არ არის მართებული. პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რომლის თავმჯდომარეც პარლამენტის თავმჯდომარეა, საკმარისი ლეგიტიმაცია გააჩნია იმისთვის, რომ ამაზე იმუშაოს. გარდა ამისა თუ ჩვენ წავიდოდით ყველა უმაღლესი პირის საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარედ დანიშვნაზე, მაშინ სადამდე გაგრძელდებოდა ეს… პრეზიდენტი, საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე… ხუთი თანათავმჯდომარე ხომ არ გვეყოლებოდა? და თუ პრეზიდენტი, მაშინ რატომ არა ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნებოდა პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობას ამ პროცესში“ – განუცხადა „მეტრონომს“ ვახუშტი მენაბდემ.

როგორც „მეტრონომთან“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, პრეზიდენტს მხოლოდ კეთილი სურვილები ჰქონდა. მისი ამ პროცესში ჩართვა კი აბსოლუტურად ბუნებრივი და ნორმალური იქნებოდა იმისთვის, რომ პროცესს  მეტი პოლიტიკური ლეგიტიმაცია შესძენოდა.

„ბატონი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ ლეგიტიმაცია საერთოდ რა შუაშია, ამ კომისიაში ლეგიტიმაციის პრობლემა ისედაც არ არისო. მე პრინციპში არ მიკვირს, სამი წლის წინ ინკუბატორში დაბადებული პოლიტიკოსისგან ასეთი განცხადება. აქ არ არის ლაპარაკი სამართლებრივ ლეგიტიმაციაზე, ლაპარაკია პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე, ანუ ხალხის როგორც ძალაუფლების წყაროს მეტ ნდობაზე და მეტ მხარდაჭერაზე. ამაზეა ლაპარაკი და ამისთვის იყო მნიშვნელოვანი პრეზიდენტის ჩართვა. მე მინდა მას შევახსენო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს  პარლამენტის ლეგიტიმური თავმჯდომარეა, ფორმალური გაგებით, სახალხო ლეგიტიმაცია მას არ მიუღია, მას ხალხის ნდობა არ აქვს. არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის ირიბად აირჩია ამომრჩევლის 25%- მა პროცენტმა. სუსტი ლეგიტიმაციის მატარებელია. მას აქვს ფორმალური ლეგიტიმაცია, ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ ნდობა ამ საზოგადოების ჯერ არ მოუპოვებია. ძალიან ბევრის უფლებას აძლევს თავის თავს. მაგრამ მე ირაკლი კობახიძისგან ეს არ მიკვირს, რადგან სამი წლის წინ დაიბადა პოლიტიკაში, მანამდე სად იყო და რას აკეთებდა კაცმა არ იცის“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესებშია, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია შესძინოს კომისიას, რომ არ გამოიყურებოდეს როგორც მხოლოდ ერთპარტიული სისტემა და შემდეგ არ იყოს ბრალდებები, რომ კომისია ორიენტირებულია ვიწრო პარტიული ინტერესების გადაწყვეტაზე და არა სახელმწიფოებრივ საკითხებზე.

„ეს რომ არ მოხდეს ზუსტად ამიტომ არის საჭირო, რომ სხვა ინსტიტუტებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში, რომ ასეთი ტიპის ბრალდებები ისევ ხელისუფლების მიმართ არ იყოს. შესაბამისად პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა, ცოტა მეტი გონიერება და სიბრძნე რომ ჰქონდეს ხელისუფლებას მათთვის მთელი ამ პროცესისადმი ნდობის თვალსაზრისით და ამ ბრალდებების პრევენციის თვალსაზრისით მათივე ინტერესებშია, მაგრამ არ ესმით ეს. ისინი არიან ახლა ძალაუფლების ტკბობაში და ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. რეალურად, ასე არ არის. მინდა კიდევ ერთხელ გავახსენო მათ, რომ ამომრჩევლის 25%-მა აირჩია და 75% კი ეჭვის თვალით უყურებს. მათ აქვთ სუსტი პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რაც შეიძლება მათთვის გახდეს ძალიან დიდი პრობლემ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური გაგებით აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდნენ. არ ჩაუხედავთ ამ ქვეყნის ისტორიაში, რომ ასეთ ვითარებაში რამდენად დრამატულად შეიძლება განვითარდეს ვითარება ქვეყანაში. მუდმივად ხომ არ მოსულან. ადრე თუ გვიან ხომ მოუწევთ ხელისუფლებიდან წასვლა და როგორ მოუწევთ, არ აინტერესებთ? მოუწევთ ისე როგორც ვალმოხდილ ადამიანებს, თუ გასწრებაზე იქნებიან“ – განუცხადა „მეტრონომს“ გია ხუხაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი შალვა შავგულიძე კი „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ „რაიმე რეალური მიზეზი, თუ რატომ უნდა თქმოდა უარი პრეზიდენტის შემოთავაზებას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ“. მისი თქმით, აქ სხვა გარემოებებზეცაა საუბარი, რომლითაც გვექმნება გარკვეული შთაბეჭდილება იმაზე თუ რა მიზნით იქმნება აღნიშნული კომისია.

„ვიდრე კომისიის შექმნის საკითხი დაიწყებოდა, უკვე საარჩევნო პერიოდშივე მოხდა დაანონსება, ჯერ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება, შემდეგ დაადასტურა და გაიმეორა დღევანდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ და ახლა უკვე ამ კომისიის თავჯდომარე ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომ საჭიროა კონსტიტუციური ცვლილება კერძოდ პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესი უნდა შეიცვალოს პარლამენტის მიერ მისი არჩევის წესით. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს ხელისუფლების სრული უზურპაციის გზას. ფაქტობრივად, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც არ მოექცა მმართველი პოლიტიკური ძალის კონტროლის ქვეშ, ეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია, არის არჩეული საყოველთაო, სახალხო წესით და ახლა ცდილობენ, პარლამენტის მიერ დანიშნონ პრეზიდენტი და, რა თქმა უნდა, ერთი პოლიტიკური ძალიას მიერ დანიშნული პრეზიდენტი უკვე იქნება ამ პოლიტიკური ნების გამტარებელი“- განუცხადა „მეტრონომს“ შავგულიძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტს სხვადასხვა ინსტიტუციაზე მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა აქვს. მაგალითად ის, რომ უზენაეს სასამართლოს წევრთა ნომინირებას ახდენს მხოლოდ პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოში ის სამ წევრს ნიშნავს, ასევე, იუსტიციის საბჭოში წევრს ნიშნავს. პრეზიდენტი ახდენს ნომინირებას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისა და მათგან პირადად ნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

„ხედავთ მაინც რამდენად მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტს სხვადასხვა ინსტიტუციაზე. ეს „ქართულ ოცნებას“ უქმნის დისკომფორტს, რომ ეს ინსტიტუციები სრულად აკონტროლოს.  ამან დააყენა „ქართული ოცნება“ არჩევანის წინაშე – ან პრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას უფლებამოსილება, რაც გამოვა, რომ გამოიშიგნება პრეზიდენტის ინსტიტუცი და მაშინ დადგება საკითხი – რაღა საჭიროა პრეზიდენტი, ან პრეზიდენტი უნდა იქნას დანიშნული „ქართული ოცნების“ მიერ, რათა მან გაატაროს მისი ინტერესები. მეორე გზას დაადგა „ქართული ოცნება“, კონსტიტუციური ცვლილებებით შესაძლებელი გახდეს პრეზიდენტი მის მიერ იქნას დანიშნული და ესე იგი, მის მიერ კონტროლირებადი გახდეს. ამ მიზანს ემსახურება ალბათ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, ვინაიდან ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ კომისიამ 30 აპრილამდე უნდა დაამთავროს მუშაობდა და პროდუქცი დადოს. შეუძლებელია კომისიამ ამ დროში დადოს პროდუქტი. 4 თვეც არ გამოდის, იანვარი არასამუშაო თვეა. ესე იგი, „ქართულ ოცნებას“ უკვე წინასწარ აქვს განსაზღვრული ის ძირითადი ცვლილება, რაც შეიძლება კომისიის სახელით გაფორმდეს, გამოდის, რომ კომისია იქნება მხოლოდ ანტურაჟი ამ ზრახვების განსახორციელებლად. სინამდვილეში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და ეს სამი თვე მისი გაფორმებისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი იქნება“ – განუცხადა „მეტრონომს“ შალვა შავგულიძემ.

კომისიის მუშაობაში მაქსიმალურ ჩართულობაზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც და ამბობს, რომ კომისიის ეფექტურობას შემადგენლობაში პოლიტიკური  მრავალფეროვნება განაპირობებს. მისი თქმით, კომისიის საქმიანობა წინა შემადგენლობისგან განსხვავებით, რომელმაც სამწლიანი საქმიანობა უშედეგოდ დაასრულა უნდა იყოს ეფექტური.

„მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური ჩართულობა იქნას უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო კომისიაში, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აქ არის საუბარი საქართველოს კონსტიტუციაზე და როგორც ჩვენ განცხადებებიდან გვესმის, ამ კომისიის მიზანია ძალიან ბევრი ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში. მიზანი ასევე ის არის, რომ ის იყოს ეფექტური,” – განაცხადა ეკა გიგაურმა.

საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილიც აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში პრეზიდენტი მნიშვნელოვანი სტატუსით არ იქნება წარმოდგენილი, ეს დააკნინებს ამ კომისიის მნიშვნელობას და სტატუსს.

„როდესაც საქმე ეხება კანონს და მითუმეტეს, ქვეყნის ძირითად კანონს, როგორიც არის კონსტიტუცია, მაქსიმალურად ინკლუზიური, წარმომადგენლობითი, ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს ფორმატი, რომელიც იმუშავებს ამ ცვლილებებზე. რა თქმა უნდა, თუ ამ ფორმატში მნიშვნელოვანი სტატუსით არ იქნება წარმოდგენილი პრეზიდენტი, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური, ეს დააკნინებს ამ კომისიის მნიშვნელობას, სტატუსს და ძალიან ცუდი იქნება”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებაში წამყვანი როლი საქართველოს პარლამენტს უნდა ჰქონდეს.

„არსებობდა საკონსტიტუციო კომისია და არასდროს ყოფილა ის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. საკანონმდებლო პროცესს მართავს საქართველოს პარლამენტი. ძალიან ნორმალური და ბუნებრივია, რომ სწორედ საქართველოს პარლამენტს ქონდეს წამყვანი როლი საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებაზე. არასდროს საქართველოში ეს საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში, სრულიად გაუგებარია ახლა რატომ გახდა ეს თემა და რატომ მიიჩნევს ვიღაც, თითქოს ამით რამე კნინდება,“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

დღის თემა ის იყო ცხელდებოდა, რომ მას ცივი წყალი გადაასხა პრეზიდენტმა. “საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საერთოდ თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან“ – პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

ამ უკანასკნელ გადაწყვეტილებას ეგრევე მოჰყვა შეფასებები ექსპერტებისა და პოლიტიკური წრეების მხრიდან. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მარგველაშვილის ამ გადაწყვეტილებას დასანანს და ამავდროულად, მისთვის წამგებიანად აფასებს.

ასეა თუ ისე, ერთი ფაქტია, რომელი ინსტიტუტებიც არ უნდა ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, „ქართული ოცნება“ მაინც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც მის პოლიტიკურ ფირმანში უკვე გაწერილია.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....