თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500“, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია, – პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
ქვესადგურის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ.
“მარნეული 500“-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი – ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ახალი ქვესადგურის მშენებლობის დასრულება.