„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ექსპერტთა ნაწილის მიერ გამოთქმულ იმ ბრალდებებს ეხმაურება, სადაც ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში ბანკებს ადანაშაულებდნენ. მისი თქმით, ლარის ნებისმიერი ვარდა დოლართან მიმართებაში პირველ რიგში ბანკებს აზარალებს.
“აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო. ზოგიერთი ე.წ. ექსპერტი, ამ ყველაფერში ადანაშაულებს ბანკს. ელემენტარული ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ ნებისმიერი ვარდნა ლარის დოლართან მიმართებაში პირველ რიგში, კომერციულ ბანკებს აზარალებს, რადგან კომერციული ბანკების კაპიტალი ითვლება უცხოეთში დოლარში. ნებისმიერი ვარდნა ლარსა და დოლარს შორის, იწვევს კაპიტალის შემცირებას. მეორე მხარე ისაა, რომ ნებისმიერი ვარდნა, პრობლემებს უქმნის ჩვენს კლიენტებს, რომ დააბრუნონ სესხი. ორივე მხრიდან ბანკს აქვს პრობლემა და პირველ რიგში ბანკია დაინტერესებული, რომ ეროვნული ვალუტა – ლარი იყოს მყარი. ეს არ არის სათამაშო თემა. საქართველოს საბანკო სისტემა პირველ რიგშია დაინტერესებული, რომ ქვეყანა იყოს ეკონომიკურად გამართული და ლარი იყოს მყარი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.