ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

განათლების სამინისტროში შემცირებები იწყება: მინისტრი განცხადებას აკეთებს

„მთავრობა წინ მიდის ამ თვალსაზრისითაც, რომ უფრო გამხდარი იყოს, ჩემგან რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს და უფრო ეფექტურად ხარჯავდეს ხალხის ფულს”, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, საუბარი შეიძლება იყოს როგორც ფუნქციების გაუქმებაზე, ასევე დამატებაზე.
„კერძო სექტორში ვმუშაობდი და ყოველწლიურად ვაკეთებდით ოპტიმიზაციასაც, გადახედვასაც. ზოგან მეტი ხალხი გვეყოლება, ზოგან – ნაკლები. ჩვენ 10%-ით ნაკლებს დავხარჯავთ როგორც ანაზღაურების, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე. ხოლო, კითხვაზე, რამდენი ადამიანი გათავისუფლდება სამსახურიდან, ჯეჯელავამ უპასუხა, რომ იმდენი, რამდენიც ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომელთა შესრულებაც მათ გარეშეა შესაძლებელი.
„ყველა, ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, მიუხედავად იმისა, რა გეგმა აქვს მთავრობას და ეკონომიკას, უნდა გავათავისუფლოთ და სადაც გვჭირდება დამატებითი კადრი უნდა ავიყვანოთ”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ოპტიმიზაცია თვის ბოლომდე დასრულდება, თუმცა პროცესი ერთჯერადი არ არის, ყოველწლიურად განხორციელდება და მუდმივად გაგრძელდება.

იტვირთბა....