„ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებით სპეკულირებდა ხელისუფლება,“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომელმაც მთავრობის მიერ “გახმაურებული საქმეებით სპეკულირების“ ფაქტებზე ისაუბრა.
„ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებით სპეკულირებდა ხელისუფლება, არჩევნებიდან არჩევნებამდე ახალ-ახალ თემებს აგორებდნენ,“ – განაცხადა კახიძემ, რომელმაც ასევე ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანაც ჟვანიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ეს ფაქტიც სწორედ ამ საქმეზე სასურველი ინფორმაციის მიღებას ემსახურებდა.
„ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური სპექტაკლი და გარდაცვლილი ჟვანიას სახელით სპეკულირების გაგრძელება. ამ საქმის გამოძიების დროს ჩადენილი დანაშაული არის სეიფის გასაღებთან დაკავშირებული ამბავი. ამ სეიფში იყო შენახული ამ საქმის მასალები, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა იუთუბზე, სათაურით “ნაციონალებმა მოკლეს ზურაბ ჟვანია”. ადამიანს აქვს პირადი ცხოვრება და პერსონალური ინფორმაცია სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია, რომელიც აქვს ასევე გარდაცვლილ ადამიანსაც, ჩვენი კანონმდებლობითაც და საერთაშორისო კონვენციებითაც. არ შეიძლება ყველაფერზე გადავლა იმისთვის, რომ პოლიტიკურ ოპონენტს მკვლელის იარლიყი მიაწებო. არ გამოდის ასე. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ცილისმწამებული ნიაღვარი,“ – ამბობს ოთარ კახიძე.