ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა, კობა ხარშილაძემ, ტელეკომპანია „რუსათვი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ მომხდარი ტრაგედიის დეტალები გაიხსენა.
ხარშილაძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი წლების განმავლობაში პირდაპირ ოფიციალურად ითხოვდა, რომ ის მარტო დაეტოვებინათ და დაცვის სამსახურს მხოლოდ პერიმეტრი გაეკონტროლებინა. ხარშილაძის თქმით, მსგავსი მოთხოვნა ზურაბ ჟვანიას მისი გარდაცვალების დღესაც ჰქონდა. მას შემდეგ კი, რაც დაცვის სამსახურმა პრემიერთან კონტაქტი ვერ დაამყარა, მოხდა ფანჯრიდან სახლში შეღწევა და ცხედრის აღმოჩენა.
ხარშილაძემ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას ტუჩზე არსებული დაზიანება მისი მიზეზით მოხდა, რადგან როცა ოთახში შევიდა და ცხედარი დაინახა, გადაწყვიტა, ხელოვნური სუნთქვა ჩაერტარებინა პრემიერისთვის, თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ჟვანიას ყოფილმა დაცვის უფროსმა დაადასტურა, რომ მისი გადაწყვეტილებით დაიწყო მეორე ცხედრის, რაულ იუსუპოვის, ოთახიდან გატანის პროცესი, თუმცა მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და ცხედარი უკან დააბრუნა. იუსუპოვის შარვლის დასვრის მომენტიც ამ ფაქტით ახსნა.
როგორც ხარშილაძემ აღნიშნა, ის ზურაბ ჟვანიამ გაზარდა და მისი მეგობარი იყო, მის შესახებ ბევრი ინფორმაცია იცოდა, თუნდაც ის, თუ რატომ ითხოვდა ყოფილი პრემიერი განმარტოვებას. ეს ინფორმაცია კი მან ოჯახის წევრებს, მათ შორის ძმას, გოგლა ჟვანიას და მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიას, მიაწოდა.
ხარშილაძემ ისიც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია გოგლა ჟვანიას განცხადებები და პოზიცია, რომ უნდა საქმის დეტალების გასაჯაროება.
“მე მახსოვს გოგლა ჟვანიას ვერსიები, იმდენად შეუსაბამო რაღაცეებს საუბრობს, მე მესმის, რომ მისი ძმა არის და მგონია, რომ არასამართლიანი მისი ეს განცხადებები. მან იცის ყველა დეტალი. მან იცოდა, რაულს რატომ ჰქონდა შარვალი დასვრილი. იმის გამო, რომ უხერხული სცენები არ ყოფილიყო ცხედრის გატანა გადავწყვიტე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს არასწორი იყო და უკან დავაბრუნე. 17 წლის ვიყავი, როცა დავიწყე ბატონ ზურაბთან მუშაობა და ფაქტიურად მან გამზარდა მე. ის ჩემი ნამდვილი მეგობარია და მე მისი ხსოვნის წინაშე მართალი ვარ,” – განაცხადა ხარშილაძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის თებერვალს გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის ბინაში აღმოაჩინეს. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შემთხვევის შემდეგ განაცხადდა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, რომელსაც ჟვანია და რაულ იუსუფოვი შეეწირნენ.