მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუკი მას უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს. როგორც მან “დოიჩე ველესთან” საუბრისას განაცხადა, ეს იქნება აბსურდული სიტუაცია:
“თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ საუკეთესო შემთხვევაში, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ. ეს იქნება სრულად აბსურდული სიტუაცია”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს გაძლიერდა თუ არა ელიტური კორუფცია:
„ეს სრული სისულელეა. ელიტარული კორუფციის ნიშნები ვერავინ ვერასდროს იპოვა. ხომ საჭიროა ბნელ ოთახში შავი კატის მოძებნა?! მეც ვისურვებდი ამ ელიტარული კორუფციის შედეგების მოძებნას. თუ მე მისი ნაწილი ვიყავი, ვისურვებდი პირადად ჩემი ელიტარული კორუფციის შედეგების ნახვას. როდესაც საქართველოს ახალმა მთავრობამ 10 საუკეთესო საერთაშორისო გამომძიებელი დაიქირავა, რომ მათ აღმოეჩინათ რამე მაინც, რაც ჩვენ მოვიპარეთ, მათ ვერაფერი იპოვეს. ისინი დიდ ხანს, დეტალურად და ყველგან ეძებდნენ და ვერაფერი იპოვეს. ჩვენი მუშაობის შედეგები იყო ის, რომ ჩვენ ქვეყნის ბიუჯეტი 11-ჯერ გავზარდეთ, ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა 3-ჯერ გავზარდეთ.
ჩვენი მმართველობის დროს სახელმწიფო ვალის პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ბევრი ორგანიზაციისგან ვიღებდით კრედიტს, თუმცა ეს ყველაფერი ინფრასტრუქტურაზე და ეკონომიკის ზრდაზე დაიხარჯა. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბიზნესის კეთებისთვის და ჩვენ რეალურად ვლიდერობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ელიტარული კორუფციის ეს კონცეფცია სრული სისულელეა. თუ არის ელიტური კორუფცია, კორუფცია არის ყველგან. შეუძლებელია, რომ უწყების ხელმძღვანელი ქრთამს იღებდეს და აკონტროლებდეს, რომ უწყების სხვა თანამშრომლებმა იგივე არ გააკეთონ. თევზი თავიდან ლპება ან თავიც ჯანსაღია და კუდიც”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მომზადებულია 2030-ის მიერ