ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქის ქუჩები არ გადაიკეტება და ძირითადი საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღში გაიმართება. ამის შესახებ ქალაქის მერმა დღეს განაცხადა. ნარმანიას თქმით, საახალწლო ღონისძიებები წელს დედაენის ბაღში გაიმართება.
„გასულ წელს ახალი განათებებით მოირთო რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის და ჭავჭავაძის გამზირები. წელსაც გვექნება ამ თვალსაზრისით სიახლეები და დამატებითი ახალი საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება აეროპორტის გზა და აღმაშენებლის გამზირი. მათ შორის განახლებული აღმაშენებელი, ასევე პეკინის ქუჩაზე მოხდება მოძველებული განათებების განახლება. წელს ჩვენ განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ღონისძიებების ლოკაციები, შესაბამისად, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში არ გადაიკეტება დედაქალაქის ქუჩები. ძირითადი საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღში გაიმართება. დედაენის ბაღი, როგორც საახალწლო ქალაქი ისე მოეწყობა და შესაბამისად, 25 დეკემბრიდან დაიწყება იქ ძირითადი საახალწლო ღონისძიებები როგორც კულტურული, ასევე გასართობი ფორმატის“. – განაცხადა ნარმანიამ.