ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ რადიოები რადიოსადგურების რეიტინგის კვლევას უნდობლობას უცხადებენ

მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ რადიოები: „აფხაზეთის ხმა“, „დარდიმანდი“ და „შანსონი“ ერთობლივად აცხადებენ, რომ უნდობლობას უცხადებენ „სილიკონ ველი თბილისისა“ და “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” მიერ გამოქვეყნებულ რადიოკვლევებს.

მედიაჰოლდინგი “აფხაზეთის ხმა” უერთდება სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ მოთხოვნას, ანტიმონოპოლიური სამსახური და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაინტერესდეს ზემოთაღნიშნული კვლევების სანდოობითა და კომპეტენტურობით.

„აფხაზეთის ხმას“ მიაჩნია, რომ კვლევა არ ასახავს რეალობას და ტოვებს აღქმას, რომ ის ემსახურება კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს, რომლებიც მიმართავენ რადიო სარეკლამო ბაზარზე მანიპულირებას, რაც, საბოლოო ჯამში, არათანაბარ პირობებში აყენებს რადიობაზარზე მოთამაშე სხვა სუბიექტებს.

შეგახსენებთ, ახალ კვლევებს, რომლებიც „სილიკონ ველი თბილისმა“ და “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა” წარმოადგინა, უნდობლობა დღეს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმაც“ გამოუცხადა. რამაზ სამხარაძე, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი, რომელიც ამავდროულად “საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის” თავმჯდომარეცაა, მოუწოდებს კვლევის ავტორებს, გამოაქვეყნონ კონკრეტული მეთოდოლოგია თუ რა პრინციპით ჩატარდა კვლევა და რატომ ლიდერობს ერთი კონკრეტული ჰოლდინგის სადგურები აღნიშნულ კვლევაში.

„მიგვაჩნია, რომ ამ კვლევის შედეგების გამოქვეყნება მიმართულია არამხოლოდ ჩვენს ჰოლდინგში შემავალი, რეიტინგული რადიოების, არამედ კიდევ ბევრი ისეთი რადიოსადგურის ინტერესების წინააღმდეგ, რომელთა პოპულარობა და რეიტინგულობა არაერთხელ დამტკიცებულა სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ კომპეტენტურად ჩატარებული კვლევებით, როცა კვლევის ობიექტურობაში ეჭვის შეტანა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო“, – ნათქვამია მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ რადიოების ერთობლივ განცხადებაში.

იტვირთბა....