ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტის, ,,წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები. საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.