ბოდბის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაში ეპისკოპოსმა იაკობმა ახსენა სავარაუდო ცემის ფაქტიც, რომელიც საპატიარქოში მოხდა.
“გუშინ უწმინდესთან ვიყავი მისული, მივედი, გავესაუბრე, ერთი იმ გუნდის წევრისგანაც ვინც იყო, საპატრიარქოში რომ გაილახა, მაგაზეც მივედი უწმინდესთან და ჩემგან მხარში დგომა[ით] იბერტყა ის ადამიანი, თუ შეიძლება მას ადამიანი ვუწოდოთ, თავისი ყოფაქცევით და თავისი განვლილი ცხოვრებით და დღევანდელით, და ასევე ვუთხარი ჯერჯერობით მხოლოდ ორ ადამიანზე, რომელთა მიმართაც მივიღე გადაწყვეტილება, იმ სამსახურს ხომ გავუუქმებ, მაგრამ, უწმინდესთან ერთად გავივლი რაღაც საკითხებს, რომ უწმინდესის ის არ დაზარალდეს. დაცვის სამსახურზე მაქვს საუბარი. ტყვილა გგონიათ, რომ ან სიძეობა ან ეპისკოპოსობა არ არის არავისთვის იმუნიტეტი”. – განაცხადა ეპისკოპოსმა.
ეპისკოპოსის თქმით, მან პატრიარქს უთხრა, რომ ის სულ აღარ აპირებდა გამოჩენას და ეპისკოპოსობიდან წასვლასაც კი აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა:
“ახლა ეკლესიის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა, ჩემი უწმინდესის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა, ამ დროს ხო, მე ვიტვირთავ იმას, რომ ჩვენი ეკლესია მასეთი ხალხისგან გავათავისუფლო. უწმინდესმა ადრეც გაუშვა მაგ სამსახური, მაგრამ ვიღაცეების იმით დარჩნენ, და ვითომ ასრულებდნენ. ისინი მანამდეც და დღესაც უხეშად ერევიან. მე თუ პირადად მეხებოდნენ, არაფერია, მე ვალდებული ვარ პირადად მოვითმინო, მაგრამ, იმანაც დამირეკა პრაიმტაიმიდან, იგივე ჟურნალისტი მირეკავდა, ახლა ჩემზე მისცეს ეტყობა შეკვეთა, მაგრამ პატრიარქი გავაფრთხილე, რომ ისინი ხო, სამსახურში მაინც ვერ ივლიან, ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ ერისთვის გაუგებარი არ იყოს. ჩემთვის ღირსება უპირველესია, ეპისკოპოსობა არაფერს არ ნიშნავს, თუ ღირსება არ გქონდა და მე ღირსებას ვირჩევ და გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია. თან დრო მივეცი, იმისთვის ვინც იცავენ დაიცვან და იმასაც მივაყოლებ ზევიდან. შენდობას ვითხოვ, ასე რომ ვილაპარაკე, მაგრამ მე ვალდებული ვარ, უწმინდესმა თვითონ გამომირჩია მე ეპისკოპოსად, ძალიან ბევრი იყო წინააღმდეგი ჩემი ეპისკოპოსობის, მან მაინც მაშინვე დამნიშნა ქორეპისკოპოსად და იმ ნდობას მე გავუმართლებ აწი უწმინდესს”.
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ასევე გამოეხმაურა გაზეთ პრაიმტაიმის გავრცელებულ ინფორმაციას მეუფე თეოდორესთვის 1,5 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევასთან დაკავშირებით და მას “ჟურნალისტური სიცრუე” უწოდა.
ვიდეომასალას, რომელზეც ეპისკოპოსის ქადაგებაა გადაღებული სააგენტო On.ge ავრცელებს.