ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
„ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს.
მოგესალმებით, ჯერ კიდევ თქვენი იმედით, მე ერთ-ერთი ის თქვენი აქტიური მხარდამჭერი ვარ, რომელიც თქვენი გამოჩენის პირველივე დღეიდან თქვენი გუნდის გვერდით ვიდექი და ვდგავარ. რამ არ გადაიარა ჩვენს თავს, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ არაფერი დაგვკლებია, გვჯეროდა, რომ რეჟიმი უნდა შეგვეცვალა თქვენი მეთაურობით, თითქოს შევცვალეთ კიდეც, ღმერთმა დამიფაროს იმ აზრისგან, რომ ყველა „ნაციონალი“ მტერია და ყველა უნდა დაგვესაჯა ვინც ემსახურებოდა წინა მთავრობას, მაგრამ ის ადამიანები ვინც იმ დროს საკვანძო ადგილებზე მუშაობდნენ, ცოტა ჩრდილში რომ ყოფილიყვნენ, კარგი იქნებოდა.
გვეგონა, რომ გირგვლიანი მოკლეს და აღმოჩნდა რომ გარბოდა და თავად გადაიჩეხა, გვეგონა რომ ჟვანია მოკლეს და აღმოჩნდა, რომ მართლა გაზით გაგუდულა, გვეგონა რომ ვაზაგაშვილი სამართალს იპოვიდა და საკუთარი შვილის საფლავზე დააკლეს, გვეგონა რომ იმ დროს ეკონომიკა თავზე გვენგრეოდა და ის ნამინისტრალ-ნამოადგილევი ხალხი, ჩვენი ხელისუფლებისთვის წარმატებული კადრები ყოფილა და აქეთ გვიქნევენ თითებს და გვემუქრებიან.
გავჩუმდით, დავდუმდით, ვითმენთ, უმრავლესობით მოვიყვანეთ ის ხალხი, რომლებშიც ბევრი იმ რეჟიმის დროს ქონებას აგროვებდა, 5ნომერი ბეჭებზე ეწერა და ქვებს გვიშენდა კარალეთში, დიდძალ თანხებს ურიცხავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნოდ, დღეს ჩვენს გუნდში არიან, თუ ჩვენ ვართ მათ გუნდში ესეც ვეღარ გაგვიგია.
ლარი უფასურდება და ხალხი ნუ პანიკობთ და ყველაფერი კარგად არისო გვიქნევენ თითებს. ჰოდა ვართ ჩუმად იმის შიშით, ისევ ჩვენ არ მოგვავლონ ხელი და კვლავ ქუჩაში არ გაგვყარონ, თუ საუკეთესო კადრები ყავდა სააკააშვილს და თუ ქვეყანა შენდებოდა, ადამიანის უფლებები არ ირღვეოდა, მაშინ ჩვენ რას ვაპროტესტდებდით? რას ვერჩოდით,რა მნიშვნელობა აქვს ამ ხალხისთვის ერთი გვარის ადამიანი იქნება სათავეში თუ მეორესი, პირადი შურისძიება არავისთან გვაქვს.
რაღაც ვერ არის კარგად, რაღაც უკვე ფუჭდება, ხალხი ცოდოა, ხალხი ბრძენია და ისევ თქვენს იმედზეა, როგორც ყოველთვის ისევ მუშაობს ის იმედი, რომ იქნებ არ იცის ბატონმა ბიძინამ რა ხდება, იქნებ უმალავენ, იქნებ ჩვენგან უნდა სიმართლის გაგება. ეს ბოლო იმედია, ისევ თქვენ ხართ ეს იმედი და თუ ეს ძაფიც გაწყდა მშიერ და გაბრაზებულ ხალხს არ სჭირდება ლიდერი, ისეთი ქაოსი დაიწყება, მოგვხედეთ, არ ვითხოვთ ჩვენ პირად კეთილდღეობას, სულში ნუ ჩაგვაფურთხებენ“, – წერს ნინო ჯღარკავა.