„მიმაჩნია, დღეს საპროტესტო აქციები უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ დებატებზე ხელისუფლება არ მოდის, ჩვენ არ გვისმენს, საზოგადოების განცდა მას არ აქვს, ჩვენ არ გვესაუბრება, იქნებ ხელისუფლება გამოფხიზლდეს ამ ილუზიიდან, რომელიც ძალიან მალე დაეწყოთ მათ“ – ამის შესახებ საზოგადოებრივი კომუნიკაციის კვლევის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზრდია „ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
“ყველაზე მთავარი იცით რა არის? – მე არ ვთვლი, რომ ქვეყანაში ყველაფერზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ ხელისუფლება და მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანი არის პასუხისმგებელი, სახელმწიფოს ვქმნით ყველა ჩვენ ერთად, ამიტომ, მე პირადად როგორც მოქალაქე, მზად ვარ გავიჭირვო კიდეც, გავუძლო სირთულეებსაც, დავიკლო კიდევ უფრო ბევრი რამე, გავუძლო გაძვირებასაც, სავალუტო დარტყმასაც და ა.შ. იმ შემთხვევაში, როდესაც ვხედავ რომ ჩემი ხელისუფლება არის ნიმუში იმისა, რომ ისიც იჭირვებს…
მაგრამ… როდესაც ამ პირობებში, მე როგორც მოქალაქემ, რაც მაქვს ისიც უნდა გავინახევრო და გავიმესამედო, ხელისუფლება უნდა იყოს ნიმუში მოქალაქეობრივი პოზიციით, იმიტომ რომ ისინიც ყველანი არიან, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მოქალაქეები. ამ შემთხვევაში ჩვენ ხელისუფლებას არა იმდენად კრიტიკას და ოპონირებას დავუწყებდით, არამედ ერთად შევთანხმდებოდით რომ სახელმწიფოში რაღაც შეგვექმნა; ამ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არაფერს იკლებს, როდესაც გამოდის სირაქლემას პოზიციით, გვლანძღავს მოქალაქეებს რაღაცის უცოდინრობისთვის, როდესაც უტიფარ განცხადებებს აკეთებს; როდესაც შევდივარ მაღაზიაში, გამოვდივარ გაოგნებული სახით და ხელისუფლება მაინც მიმტკიცებს, რომ შენ იდელურად გრძნობ თავს და ყველაფერი კარგად არისო, ამ შემთხვევაში მე საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ვერ შევიგრძნობ.
ხელისუფლებამ უნდა იგრძნო შენი მოსახლეობა, უნდა იგრძნო შენს ადამიანებს როგორ უჭირთ, გაუგო მაინც, სოლიდარობა მაინც უნდა გამოუხატო შენს მოქალაქეებს და აიყოლიო. თუ ლიდერს არ აქვს უნარი საკუთარი ხალხი აიყოლიოს, გვერდით დაიყენოს, ის ლიდერი არ შეიძლება მართავდეს სახელმწიფოს.
ეს არის ჩემი მოთხოვნა როგორც მოქალაქის, სხვა შემთხვევებში მე არაფერი დამრჩება, გარდა იმის მცდელობისა, რომ იძულების წესით ვიზრუნო როგორ ვცვალო ადამიანური რესურსები, მინისტრი იქნება, პრემიერი თუ სხვა.
მე უკვე არაერთხელ მოვუწოდე პოლიტიკურ სპექტრს, რომ აქციზის ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით გაეკეთებინათ საპროტესტო აქცია, რადგან ეს ჩვენზე ძალიან რთულად აისახება.
აქცია, ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ, პოტენციურად ვიღაც პარლამენტში ძალადობრივად უნდა შევარდეს ვარდებით ხელში. აქცია, ეს არის ხალხის ხმა, როდესაც ხელისუფლებას ის არ ესმის, კონკრეტული და ადეკვატური მოთხოვნით და საზოგადოების მხრიდან გარკვეული ბერკეტების ჩვენებით ხელისუფლებისათვის; მიმაჩნია დღეს საპროტესტო აქციები უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ დებატებზე ხელისუფლება არ მოდის, ჩვენ არ გვისმენს, საზოგადოების განცდა მას არ აქვს, ჩვენ არ გვესაუბრება, იქნებ ხელისუფლება გამოფხიზლდეს ამ ილუზიიდან, რომელიც ძალიან მალე დაეწყოთ მათ; ბოლოსდაბოლოს, ახალი პარლამენტარები გვყავს, რომლებიც გუშინ ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრებით ცხოვრობდნენ, დღეს შევიდნენ პარლამენტში და ისინიც უკვე ილუზიაში არიან.
ცხადია, დიდი იმედი არ მაქვს აქციის ეფექტური და პრეზენტაბელური ჩატარებისა, რადგან „ქართული ოცნება“ დღეს ფლობს საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე სრულ მონოპოლიას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავაჟღეროთ ეს წინადადებები.
წინა ოთხი წელიწადი, ამ მხრივ, ხელისუფლება მუშაობდა ძალიან კარგად, ყველა დებატში წარმოდგენილი იყო მაღალი თანამდებობის პირი, პარლამენტის წევრი და ბევრ რამეში მუშაობდა ძალიან კარგად, რასაც ადრეც ვამბობდი, ახლაც გავიმეორებ და ხვალაც გავიმეორებ; იმაზე, რაზედაც მე მათ ვგულშემატკივრობდი და ვიცავდი ძალიან ხშირად ბევრ დებატში, იმ პოზიციებს დღესაც დავიცავ.
დღეს ასე არ არის, როდესაც ვხედავ ისეთ უცნაურ პროცესებს, თუნდაც როგორიცა მედიასთან და საზოგადოებასთან მიმართებაშია, არ მოდიან ზოგიერთ ტელევიზიაში, გარჩევენ… რატომ უნდა წავიდეს ვთქვათ „რუსთავი 2-ზე“ და რატომ არ უნდა მივიდეს „ტევე პირველზე“, „იბერიაზე“, „კავკასიაზე“ და ა.შ. რატომ უნდა ელაპარაკოს, ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობას „და არ ელაპარაკოს ან ბურჯანაძეს ან ვაშაძეს ან ნებისმიერ სხვას.
ეს პროცესი ძალიან ცუდად შეიძლება გაგრძელდეს, სხვა შემთხვევაში, საზოგადოების რისხვა გაიზრდება და იცით, რა გამოსავალი დარჩება ხელისუფლებას? – რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთადერთი გამოსავალი საზოგადოების იძულებით შეკავება დარჩა, რაც მივიღეთ, ყველას კარგად გვახსოვს”- წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.