ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან ტელემიმართვისას განაცხადა.
“გადავწყვიტე, რომ არ ვიქნები კანდიდატი მომავალ არჩევნებზე”, – აღნიშნა ოლანდმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსახლეობა ულტრამემარჯვენე “ნაციონალური ფრონტის” მხრიდან საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მმართველი სოციალისტური პარტიის კანდიდატი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ კენჭისყრას მოქმედი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი გეგმავს. სოციალისტური პარტიის პრაიმერი იანვარში გაიმართება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეორე ვადით კენჭს არ იყრის. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ოლანდის რეიტინგი 5%-ზე ნაკლებია.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები კი 2017 წლის 27 აპრილს გაიმართება, სადაც, გამოკითხვების თანახმად, მთავარი კანდიდატები რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი და სოციალისტური პარტიის კანდიდატი იქნებიან.