ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი აღარ არის ნაცმოძრაობის ლიდერი”: ოთარ კახიძე ხმაურიან პოსტს აქვეყნებს

ხუთი პუნქტი ენმ-ის ბოლო ამბებზე – ასეთი სათაურით აქვეყნებს თავის პოსტს “ნაცმოძრაობის” დეპუტატი ოთარ კახიძე, რომელიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს მოიხსენიებს.
1 – იმისათვის, რათა პარტიის ყრილობა წარმომადგენლობითად ჩაითვალოს, უფრო მნიშვნელოვანია არა დელეგატთა რაოდენობა, არამედ მათი შერჩევის წესი. ენმ-ისთვის, დემოკრატიული შერჩევის შემთხვევაში, 700-900 დელეგატი სრულიად საკმარისი იქნებოდა. მრავალათასიანი ყრილობა არის დიდი მიტინგი, სადაც გაჭირდება გადაწყვეტილებების მიღება და პროცესის დაორგანიზება. ამავე დროს, ეს გამოიწვევს არასაჭირო ხარჯებს;
2 – ენმ მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულია და მას აქვს სერიოზული ავტორიტეტი, მაგრამ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არის ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებული, ამბიციური და ჭკვიანი ადამიანების ერთობა, სადაც არის მწვავე დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა და გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიული წესი, რაც განასხვავებს ამ პარტიას ფანკლუბისგან. სწორედ ამ დემოკრატიული პროცესის ნაწილი იყო ყრილობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რაც აღიარა და რისი პატივისცემაც დააფიქსირა “წაგებულმა” მხარემ;
3 – მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და უკრაინის მოქალაქეობის მიღების გამო, აღარ არის ენმ-ს თავჯდომარე, ეს პოზიცია ვაკანტურია, შესაბამისად, მისი დაკავებით არ მოხდება პარტიის მისგან დისტანცირება ან მისთვის რაიმე პოსტის “წართმევა”. მეტიც, სამომავლოდ, მისი დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში დამოკიდებული იქნება არა “შენახულ” თანამდებობაზე, არამედ ენმ-ს განვითარებასა და წარმატებაზე;
4 – თავისუფალ ადამიანს არ შეიძლება ჰყავდეს უპირობო ლიდერი, პირობებიანი – კი ბატონო. ლიდერი არ არის ყოველთვის მართალი. ის შეიძლება ცდებოდეს, ხოლო მისი დარწმუნება საპირისპიროში და მეხოტბეობა – მასვე აზიანებს;
5 – ადამიანების ლანძღვა-გინება და ცილისწამება განსხვავებული აზრის გამო ცუდი საქციელია, ამის კეთება ორგანიზებულად, ეგზალტირებული ჯგუფის მეშვეობით და მხარდამხარ – კიდევ უფრო აბნელებს და ამძიმებს სურათს.
ჩემ თანაგუნდელებთან და მეგობრებთან ერთად, მეც მერგო ჩემი წილი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა და ცილისწამება, ვნახე ზოგიერთი ადამიანის ნამდვილი სახე (რაც კრიზისების დროს ვლინდება-ხოლმე), ზოგის იმედი გამიცრუვდა, ბევრიც უფრო მეტად დავაფასე…
მოკლედ, საინტერესო გამოცდილების პირველი დოზა მივიღე, ამჯერად “საშინაო” პოლიტიკაში. – წერს კახიძე.

იტვირთბა....