იტალიის ქალაქ პადუაში 26 წლის კარლო გოდოლაძე გარდაცვლილი იპოვეს. 26 წლის ახალგაზრდას 20 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ. იტალიური მედიის ცნობით, თითქმის 10-დღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცი გუშინ, შუადღისას გარდაცვლილი იპოვეს.
იტალიური მედია იტყობინება, რომ ცხედარი მდინარემ გამორიყა და ის ველოსიპედისტებმა იპოვეს, შემდეგ კი სამართალდამცველებს შეატყობინეს. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედიის, leggo.it-ის ცნობით, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს თვითმკვლელობა იყოს. მედია იმასაც წერს, რომ გოდოლაძის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მისმა მეგობრებმა მიმართეს, რომლებიც პადუაში მასთან ერთად, ერთ ბინაში ცხოვრობდნენ.
იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე კი აცხადებს, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოში გარდაცვლილი ქართველის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ შესულა. მისი თქმით, გუშინ საღამოს სამართალდამცველებმა ამოცნობის პროცედურები ჩაატარეს.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჯერჯერობით ოფიციალურად არ მიგვიღია ცნობა, რომ ამოცნობილია, მაგრამ სავარაუდოდ ნაპოვნი ის ქართველი იქნება, ვისაც პოლიცია რამდენიმე დღე ეძებდა. გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. რა და როგორ მოხდა ალბათ დადგინდება. ჯერ არ გვაქვს მომხდარის მიზეზებზე ოფიციალური ინფორმაცია”, – განაცხადა ელჩმა.
26 წლის კარლო გოდოლაძე კონსტიტუციონალისტი, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი იყო. ის იტალიის ქალაქ პადუაში სასწავლებლად იმყოფებოდა.