ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი – მრავალათასიანი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის პარტიისთვის შესაფერისი ყრილობის სასარგებლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმრავლესობა ემხრობა ჩართულობის, ერთიანობისა და განახლების იდეას. ეს იდეა უალტერნატივოა მომავალსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზებული ძალაა ევროატლანტიკური კურსის დასაცავად. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. ამ არჩევანს დღეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა.

დღეს ჩვენმა პარტიამ აჩვენა სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რაც უტყუარი წინაპირობაა ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზაზე გამარჯვების მიღწევისა და არსებული ანომალიური ვითარების დასრულებისთვის. ის წესი, რომელიც პარტიის მმართველმა ორგანომ აირჩია, უზრუნველყოფს ყველანაირი, მათ შორის, განსხვავებული მოსაზრებების არსებობას, მათზე საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და დემოკრატიული გზით, აზრთა შორის ოპტიმალურის გამოვლენას.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მაღალი ნდობა გამომიცხადა და არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება. ერთად გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია”. – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ენმ-ს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მინიმუმ 7 000 დელეგატი მიიღებს. მთავარი საკითხი, რომელზეც საუბარი მიდიოდა შეხვედრის დროს პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი იყო.
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, პარტია 7000-დელეგატიან ყრილობას ჩაატარებს. კენჭისყრაში პოლიტსაბჭოს ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

იტვირთბა....