ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმე: ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე პატიმრობიდან 9 დეკემბერს გათავისუფლდებიან

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე სასამართლო პროცესზე გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე დაიკითხა. პროცესი დახურული იყო. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კილაძემ განაცხადა, მან დეტალურად გაიხსენა დეტალები თუ ვინ მიიტანა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მასთან რედაქციაში. სხდომაზე მისი დაკითხვის დროს ხმაურიც იყო.

„მე დავადასტურე ის ჩვენება, რაც მქონდა გამოძიებისთვის მიცემული. რაც შეეხება ხმაურს, ბუნებრივია გელა ღურცკაიას ჰქონდა პრეტენზიები, ოღონდ ეს პრეტენზიები იყო არაარსებითი ხასიათის. ის  არ უარყოფს და მან აღიარა, რომ ნამდვილად მოიტანა ეს ფირი და ა.შ. მას აინტერესებდა, აბსურდული კითხვა დამისვა – პროკურატურა რამდენს გიხდით ხელფასსო. მე მას მკაფიოდ ავუხსენი, რომ ეს იყო ჩემი, როგორც ჟურნალისტის ვალდებულება. არცერთ რესპოდენტს ამ დრომდე ჩემთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი არ შემოუთავაზებია. თუ შემომთავაზებდნენ, ბუნებრივია ამ ფაქტთან დაკავშირებითაც აუცილებლად მივმართავდი პროკურატურას. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოს ჰქონდა უფლებაც და ვალდებულებაც იმისა, რომ მე დანაშაულის საფარვაში დავედანაშაულე. მეორე ეპიზოდი ხმაურიანი იყო ინგა ჩატოიანთან დაკავშირებით. მან პირველად ამოიღო საერთოდ ხმა ამ პროცესზე. მე მოსამართლეს მოვუყევი ჩემი და ნიკოლოზ ხაჭაპურიძის ძმის შეხვედრის თაობაზე. ლევან ხაჭაპურიძემ ჩემთან საუბარში დაადასტურა, რომ ეს იყო ინგა ჩატოიანის მიერ მოწყობილი პროვოკაცია მისი ძმის წინააღმდეგ. ამას მოჰყვა ჩატოიანის გაღიზიანება, რომ ეს არის ჭორი“- განაცხადა ელისო კილაძემ.

მისი თქმით, რეალურად, ორი ადამიანი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და გელა ღურცკაია ის პირები არიან, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული „ქრონიკა +“-ის რედაქციაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის მiტანასთან.

“მე ნამდვილად მინდოდა მიმეღო გამოძიებისგან პასუხი, თუ ვინ იყო დამკვეთი. ასეთი ფირები ქუჩაში არ ყრია. საიდან ჰქონდათ ამ ადამიანებს შემხებლობა და წვდომა პირად ფირებთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღე“-  განაცხადა ჟურნალისტებთან ელისო კილაძემ.

ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ კი განაცხადა, რომ მისი ვარაუდი ერთ-ერთი ამ საქმეზე ბრალდებულის, ჯამალაშვილის მიმართ გამართლდა, მას საქმესთან შემხებლობა არ ჰქონია. მისი თქმით, ჯამალაშვილსა და ფხალაძეს 9-თვიანი საპატიმრო ვადა ეწურებათ და 9 დეკემბერს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მათ დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

„პროკურატურა გადადის ახალ ეტაპზე. ის მტკიცებულებათა გამოკვლევას ბუნებრივია, მაქსიმალურად გაწელავს“- განაცხადა ჯამალაშვილის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.

იტვირთბა....