ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

,,ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს 22 წევრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს 22 წევრი ყრილობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც პოლიტსაბჭოს წევრები დიდი, მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყრილობის ჩატარებას უჭერენ მხარს.

ამასთან, განცხადების ავტორები პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის წინააღმდეგი არიან, რადგან, მათი თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება დეკლარაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავს აღარ მიიჩნევს რეპრესირებულ პარტიად.

,,8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოდა გამარჯვებისთვის და გეგმავდა არაერთი მაჟორიტარული ოლქის მოგებას. ობიექტურიდა სუბიექტური მიზეზების გამო არჩევნები დასრულდა ქვეყნისათვის სავალალოდ.სასურველი შედეგის მისაღწევად ოლიგარქმა გამოიყენა ადამიანების დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი, ძალოვანი სტრუქტურები, ძალოვანებთანსინქრონში მოქმედი კრიმინალური სამყარო, ხოლო რიგ უბნებზე – პირდაპირი დარბევა.შედეგად, ივანიშვილისადმი დაქვემდებარებულმა და მისთვისსასურველმა პრორუსულმა ძალებმა პარლამენტში მანდატების 82% მიიღეს, რაც არ ასახავს ქართული საზოგადოების განწყობებსა და ინტერესებს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნაციონალური მოძრაობამ მიიღო ასობით ათასი ხმა და ის რჩება კოლაბორაციონისტული რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად.

ამ სიტუაციაში, ორმაგად მნიშვნელოვანია ჩატარდეს დიდი, მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყრილობა (მინიმუმ 7000 დელეგატი), რომლის მოწვევის წესი ჩვენს მიერ უკვე შემუშავდა და წარედგინა პარტიის პოლიტსაბჭოს. ასეთმა ყრილობამ მექანიკურად კი არ უნდა აირჩიოს მმართველი ორგანოების ახალი შემადგენლობა, არამედ უნდა გამართოს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა შევცვალოთ, რომ დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი. უნდა გაიზარდოს რეგიონული ლიდერების, აქტივისტებისა და მხარდამჭერების როლი პარტიის მმართველობაში. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მომხრეებს შორის გაჩნდა ძლიერი მოთხოვნილება, რათა მონაწილეობა მიიღონ ყრილობაში და პარტიის სამომავლო ბედის განსაზღვრაში. ყრილობა უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის საზოგადოების მაქსიმალურად ბევრი ფენისა და ინტერესის გამომხატველი ერთობა, მიზიდულობის რეალური ცენტრი, სადაც განსხვავებული ადამიანები საკუთარ ადგილს დაინახავენ საერთო მიზნისთვის ბრძოლაში.

ასევე წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას ენმ-ის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით:

ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება დეკლარაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავს აღარ მიიჩნევს რეპრესირებულ პარტიად და რომ ჩვენი პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები აღარ წამოადგენენ დაპირისპირების საგანს ოლიგარქთან. ეს იქნება დეკლარაცია, რომ პარტია ემიჯნება მიხეილ სააკაშვილს, რაც აუნაზღაურებელ ელექტორალურ ზიანს მიაყენებს ჩვენს ბრძოლას. ამ ნაბიჯის სასარგებლოდ არ არსებობს არცერთი პრაგმატული არგუმენტი. პარტიიდან მისი დამფუძნებლისა და მთავარი საარჩევნო კაპიტალის, მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების მცდელობა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ:

  1. პოლიტსაბჭოს 2015 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, ხოლო ის გარემოებები, რომელთა გამოპოსტი ვაკანტურია, არ შეცვლილა.
  2. „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს აქვს დიდწილად ცერემონიული უფლებამოსილებები. შესაბამისად, ამ პოსტის ვაკანტურობა პარტიის ეფექტურობას არაფერში უშლის ხელს.
  3. თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურობა რომ შემაფერხებელი ფაქტორი ყოფილიყო, მაშინ ეს თავიდანვე – ან, როგორც მინიმუმ, არჩევნებამდე – უნდა თქმულიყო, რაც არ გაკეთებულა.
  4. პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს აქვთ იდენტური უფლებამოსილებები. შესაბამისად, ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვინდა, შესაძლოა გაკეთებულ იქნას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მიერ.
  5. პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევით, „ნაციონალური მოძრაობა“ დე იურე აღიარებს პოლიტიკური დევნის შედეგებს, რაც უაღრესად დამაზიანებელი იქნება პარტიისთვის და უარყოფით გავლენას მოახდენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შემდგომ სამართლებრივ დაცვაზე. მძიმე გამოწვევები, რომლებიც 8 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა, დროსთან ერთად, მხოლოდ გაღრმავდება. ნათელია, რომ ივანიშვილი აგრძელებს ძალაუფლების მონოპოლიზებას, ინსტიტუტების გაუქმებასა და ტოტალიტარული, ოჯახურ-კლანური ვერტიკალის გამყარებას. ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს,მნიშვნელოვანია, ღიად განვაცხადოთ: რომ ვართ ყველა მხარდამჭერის ხედვებისა და მისწრაფებების ამსახველი ფართო, დემოკრატიული ერთობა. მომავალი ყრილობა განსაზღვრავს, დავუბრუნდებით თუ არა საწყისებს და ისევ გავხდებით თუ არა საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელიც გახსნილი იქნება უკლებლივ ყველასთვის, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა რუსული ოკუპაცია და ივანიშვილია. ძალა ერთობაშია, საქართველო გაიმარჯვებს!”- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორები არიან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრები:

ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, აკაკი მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, პაატა ლეჟავა, კახა ბუცხრიკიძე, ირაკლი ქავთარაძე, ირაკლი ნადირაძე, გიორგი კარბელაშვილი, ომარ მეგრელიძე, გიორგი პატარაია, გოჩა კუპრავა, კობა ხაბაზი, გოჩა ლემონჯავა, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი.

იტვირთბა....