ახალი ამბები მთავარი სამართალი

„გასროლა გავიგე და დავწექი“: რა მოყვა სასამართლოზე „მასტერამ“ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე

 დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ დაიკითხა. მან 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უშუალოდ სროლებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

„გასროლის ხმები რომ გავიგე შემეშინდა და ძირს დავწექი, თავზე აფარებული მქონდა ხელები და ვერ ვხედავდი რა ხდებოდა”, – განაცხადა დგებუაძემ დაკითხვისას.

მისი თქმით, სამმართველოსა და უშუალოდ მისი მოვალეობა, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირება და იმ ახალგაზრდების გადაადგილების კონტროლი იყო, რომლებიც ავტოსადგურის ტერიტორიაზე მის თანამშრომელს უნდა მიეყვანა.

“ჩემი სამმართველო უნდა განლაგებულიყო ნავთლუღის ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს. 21:00 საათისთვის ყველა დანაყოფი წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში იყვნენ. 21:00 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე მე დამირეკა დათა ახალაიამ და მითხრა რომ საჭირო იყო ერთი ადამიანი, ვინც ვიზუალურ კონტროლს განახორციელებდა იმ სამი ახალგაზრდის, რომლებიც მანქანიდან გადმოვიდოდნენ. რადგანაც დავალება საპასუხისმგებლო და ასევე სარისკო იყო, რადგან არსებობდა ინფორმაცია რომ ის სამი ადამიანი შეიარაღებული იყო,  ახალაიას ჩემი თავი შევთავაზე. გადავკვეთე გზა და დაველოდე სანამ მანქანა მოვიდოდა. ჩემი ამოცანა იყო, რომ სუმბაძეს ტერიტორია უსაფრთხოდ დაეტოვებინა და შემდეგ გამეკონტროლებინა იმ ადამიანების გადაადგილება, რათა დავრწმუნებულიყავი სამი ადამიანი შევიდოდა თუ არა ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული. ამ ახგაზრდებიდან ერთ-ერთს დაურეკა ტელეფონმა და საუბრით სამივე შევიდა ავტოსადგურის ტერიტორიაზე. მე მათ თვალს ვადევნებდი. რამდენიმე წუთში კი გავიგონე ავტომატიდან გასროლის ხმა, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა. ინსტიქტურად ხელები თავზე ავიფარე, შემეშინდა და დავწექი. ასე აღვიქვი რომ სამი სხვადასხვა ადგილიდან ისმოდა სროლა, ისნის მხრიდან, ავტოსადგურის მხრიდან და ასევე სიღრმიდან”, – განაცხადა ბრალდებულმა.

როგორც გიორგი დგებუაძემ დაკითხვისას განაცხადა, სროლა რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მისი შეწყვეტის შემდეგ კი ის ავტოსადგურის ტერიტორიაზე შევიდა და ვითარების გარკვევა სცადა. იქ დაინახა, რომ შალვა თათუხაშვილი დათა ახალაიას სპეცოპერაციის დეტალებზე ესაუბრებოდა. ბრალდებულის თქმით, სპეცოპერაციამდე დათა ახალაიას მოადგილე დავით ჩხარტიშვილთან დეტალები დაიგეგმა.

შეგახსენებთ, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაცია 2006 წლის 12 იანვარს ჩატარდა. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ციხიდან გაქცევის მცდელობა აღკვეთეს. საქმეზე ახალი გამოძიება 2012 წლის შემდეგ დაიწყო, რის შედეგადად რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ციხეში პატიმართა წამებისთვის წაუყენეს. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს. კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას, გიორგი მაზმიშვილის, ლევან და მეგის ქარდავების მიმართ. გიორგი დგებუაძესთან ერთად საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაიაა ბრალდებული. მათ ბრალად განზრახ მკვლელობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ.

იტვირთბა....