აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა ინტერვიუ მთავარი

„მოიტყუეს თუ შეცდნენ“: ლარის კურსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია – რა არის გამოსავალი

“მეტრონომის”ექსკლუზიური ინტერვიუ “საქართველო რეფორმების ასოციაციის” ეკონომისტ, ბესო ნამჩავაძესთან

ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.508 ლარია. ლარის გაუფასურების წინა პიკი 28 იანვარს დაფიქსირდა, როცა ერთი დოლარი 2.499 ლარი ღირდა. ლარის გაუფასურებას ბაზარზე არსებულ აჟიოტაჟს უკავშირებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

2030-ის ეკონომიკური ექსპერტი ლევან კალანდაძე მთავრობას შემდეგ რეკომენდაციებით მიმართავს: მოქალაქეებს, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, სესხები, მათ შორის იპოთეკური სესხები უცხოურ ვალუტაში უნდა შეეზღუდოს; სახელმწიფოს მხარდაჭერით და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ბიზნესსესხები მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს; 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეიზღუდოს, რის საფუძველზე, შესაძლოა, 200-250 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდეს; სასურველია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ საშემოსავლო ნაწილში არსებული რეზერვები გადაიხედოს და თამბაქოს, ავტომობილების, ნავთობპროდუქტების აქციზი, ან რიგი მოსაკრებლების გაზრდის საკითხი იქნას განხილული, რითაც დამატებით 700-800 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო; შემჭიდროვებულ ვადებში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივების, მათ შორის ე.წ. მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების სრული, ან ნაწილობრივ პრივატიზების საკითხი უნდა დაისვას.

ლარის დევალვაციას ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ასე ეხმაურება: “განათლების სიმწირის გამო მოსახლეობას არაჰეჯირებული სესხები აქვს”.

ლარის ამგვარი გაუფასურება განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა მძიმე, რომელებსაც საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვთ აღებული.

შესაძლებელია თუ არა მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება? რა უნდა გააკეთოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, რომელმაც მუშაობა გუშინ დაიწყო? “მეტრონომი” “საქართველო რეფორმების ასოციაციის” ეკონომისტს, ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა.

“მეტრონომი”: ლარი ყოველდღე უფასურდება, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ მოკლევადიან პერიოდში მოხდეს ლარის დასტაბილურება?

ბესო ნამჩავაძე: ლარი მოკლევადიან პერიოდში რომ დასტაბილურდეს, რაც შეიძლება ნაკლები ფული უნდა დახარჯოს მთავრობამ წლის ბოლომდე. ის ჩამორჩენა, რაც  საგარეო კრედიტების ათვისებაში აქვს, რაც დაახლოებით 200 მილიონი დოლარია, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წლის ბოლომდე ეს თანხა სრულად მიიღოს. ამ შემთხვევაში გამყარდება ლარი.

– 2030-ის ექსპერტმა მთავრობას გარკვეული რეკომენდაციებით მიმართა. ერთ-ერთი პუნქტი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს. ხარჯების შემცირებას მთავრობას “ნაციონალური მოძრაობაც” ურჩევს. თქვენი აზრით, შეამცირებს მთავრობა ხარჯებს და იზიარებთ თუ არა კალანდაძის რეკომენდაციებს?

– კალანდაძის რეკომენდაციებიდან ხუთიდან ოთხს ვეთანხმები. ერთადერთი რასაც არ ვეთანხმები ის არის, რომ ფიზიკური პირებისთვის ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, შეიზღუდოს დოლარში სესხის მიცემა. დანარჩენ ოთხს, რომელიც ბიუჯეტის ხარჯებს ეხება, ვეთანხმები.

– რადგან დოლარში სესხები ახსენეთ, “გირჩის” ინიციატივაზეც გკითხავთ. ისინი თავისუფალი სავალუტო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვენ. თქვენი აზრით, ეს რეჟიმი ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს?

– ზოგადად ვიზიარებ ამ ინიციატივას, თუმცა ახლა ამის გაკეთება შეუძლებელია. ეს არ არის იდეა, რომელიც სწრაფად შეიძლება განხორციელდეს. ამ რეჟიმზე გადასვლას შეიძლება წლები დასჭირდეს. ამ იდეას საერთაშორისო დონორები და ინსტიტუტები არ იზიარებენ და ამიტომ მგონია, რომ შეუძლებელია ამის გაკეთება. ზოგადად ვფიქრობ, რომ რომელი რეჟიმია საქართველოში ეს მეასეხარისხოვანი პრობლემაა. ქვეყანაში რეალურად, სხვა ეკონომიკური პრობლემებია და ეს იწვევს ლარის კურსის დევალვაციას და სხვა პრობლემებს. ეს თავისუფალი სავალუტო რეჟიმი რომც იყოს, პრობლემა მაინც გვექნებოდა.

– მთავრობის განახლებულ გუნდზეც გკითხავთ… მოისმინეთ მათგან რეიმე ტიპის გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან?

– მათ განცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯები გაიზარდოს და ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდეს, ვეთანხმები. კარგია, რომ მოგების გადასახადის რეფორმა ფაქტობრივად განხორციელებულია და იანვრიდან ამოქმედდება. დანარჩენ საკითხებზე იგივე ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან ზოგადი საუბარია. ამბობენ, რომ ეროვნულ ბანკთან მუშაობენ, თუმცა რა სახის მუშაობა მიმდინარეობს, ამას ჯერ არ ამბობენ. ჩვენ დღეს უკვე უნდა ვიცოდეთ როგორი იქნება 2017 წლის ბიუჯეტი და ჩვენ დღესაც არ ვიცით.

– თქვენი აზრით, ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ მოსახლეობა სესხების ჰეჯირებას არ აკეთებს, რამდენად ადეკვატური იყო? სწორია, როცა მთავრობის წარმომადგენელი ასეთი პროფესიული ტერმინით ელაპარაკება საზოგადოებას, მათთვის   მნიშვნელოვან პრობლემაზე?

– ჰეჯირება რეალურად დაზღვევას ნიშნავს. ეს სიტყვა უფრო გასაგები იქნებოდა. უბრალოდ, ფინანსურ ტერმინოლოგიაში ასე ჰქვია. ეს არ არის დამოკიდებული ფინანსური განათლების დონესთან. ჩვენ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სხვა მიმართულების განათლების დონეშიც გვიჭირს. ევროპის ქვეყნებში, სადაც ფინანსური განათლების დონე მაღალია, იქაც არ ხდება ჰეჯირებული სესხების აღება. ხალხი ამაზე ნაკლებად ფიქრობს. ეს არის მომავლის კურსით რომ აიღო ვალუტა ისეთი სესხი, ან ვალუტის კურსის მოსალოდნელი ცვლილება დათვალო. ამის გაკეთება უბრალო მოქალაქეებს კი არა, თვითონ მინისტრებს რომ დაჭირდეთ, ისინი ვერ დათვლიან.

– არჩევნების წინ ეროვნული ბანკი რეზერვებს ყიდდა, “ნაციოანლური მოძრაობა” ამას არჩევნებს უკავშირებდა. თქვენი აზრით, რეზერვების გაყიდვა მართლაც “ქართული ოცნების” საარჩევნო ინტერესების გამო მოხდა?

– დიახ მე ამ მოსაზრებას ვიზიარებ. ეს უკვე ცხადია. ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს. დაახლოებით 160 მილიონი დოლარი გაყიდეს არჩევნების დღეებში. იმ დღეებში ლარი ცოტათი მაინც გაუფასურდა, მაგრამ სწრაფი გაუფასურება, რაც შემდეგ იყო, შეაჩერა. მაშინ ორი მიზეზი თქვეს, პირველი ყველაფერი წესრიგშია, უბრალოდ არჩევნების წინ მოლოდინი მოქმედებსო. მეორე მიზეზად ერთჯერადი გადარიცხვები დასახელდა. არჩევნების შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა და ის ერთჯერადი გადარციხვაც დასრულდა. ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი ვალუტა გაყიდა, ვიდრე “თი-ბი-სი” ბანკმა “რესპუბლიკა” ბანკის შეძენაში გადაიხადა, მაგრამ ლარი მაინც უფასურდება. ანუ ფაქტობრივად დამტკიცდა, რომ მთავრობის განცხადებები მცდარი იყო. სხვა საკითხია მოიტყუეს თუ შეცდნენ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ყველანაირი მობილიზება იყო, რომ არჩევნების დროს რაც შეიძლება მყარი ყოფილიყო ლარი.

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....