სააპელაციო სასამართლო დღეს 14 წლის წინ მომხდარი ნიკა ლომინაძის მკვლელობის შესწავლას ხელახლა იწყებს.
პროკურატურის მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, არ არის გამორიცხული, გიორგი გვიჩიანი, რომელიც თელასის მენეჯერის მკვლელობისთვის უკვე 10 წელია, იხდის სასჯელს, გაათავისუფლონ.
კონკრეტულად რა ახალ გარემოებებზეა საუბარი, უცნობია. პროკურატურის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება გარდაცვლილის ოჯახი და თვლის, რომ დამნაშავეები არ უნდა გათავისუფლდნენ.
“ახალი გარემოებების გამოკვლევა მოხდება, რომელმაც განაპირობა იმ დასკვნამდე მისვლა, რომ აღნიშული პირები არიან უდანაშაულოები ამ საქმეში. თეორიულად გამორიცხული არ არის, რომ ამ სხდომიდანვე მოხდეს გათავისუფლება. ეს იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დაადგენს, რომ მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა და, რომელსაც ჩვენც ვეთანხმებით, არის უდაო,“ – განაცხადა ნიკა ჩემიას ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა.
სამ გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება პროკურატურამ დაახლოებით 2 კვირის წინ მიიღო. საგამოძიებო უწყების ახალი დასკვნის თანახმად, ნორა კვიციანი, თამაზ გოგია და გიორგი გვიჩიანი უდანაშაულოები არიან.