ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ყვებიან მეზობლები

გუშინ, გვიან ღამით ლანჩხუთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „გურიის მოამბე“ წერს, მომხდარის შესახებ მეზობლები საუბრობენ.

მათი თქმით, სოფელ ჩიბათში 58 წლის გ. ძნელაძემ მეზობელი, მეგობარი და თანამშრომელი 38 წლის მ. ჯორბენაძე ცივი იარაღით დაჭრა.   შემთხვევა გუშინ მოხდა. თანასოფლელები მიზეზებს ვერ ხსნიან, მომხდარს არც თვითმხილველი ჰყავს.

გამოცემის ცნობით, მეზობლების მონაყოლით ირკვევა, რომ გარდაცვლილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი კარგი მეგობრები იყვნენ და გუშინ  სუფრაზე ერთად ქეიფობდნენ, რის შემდეგაც ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი მოუვიდათ.

„არავინ იცის რა მოხდა და რის გამო მოხდა. ამ დილით იპოვეს გარდაცვლილი იმ კაცის ეზოში, ვინც დაკავებულია. თვითმხილველი არ ჰყავს. მაგ ორს შორის რა მოხდა და რისთვის დატრიალდა ამხელა უბედურება, არ ვიცით“ – ყვება „გურიის მოამბესთან“ ერთ-ერთი მეზობელი ნანული ცინცაძე.

„გვამი ექსპერტიზაზე წაიყვანეს. სხვა დეტალები არაფერი ვიცით. ერთი უწყინარი ბიჭი იყო, არავის არაფერს უშავებდა. ეტყობა, უთანხმოება მოუვიდათ ერთმანეთში. ამხანაგობდნენ, ერთად მუშაობდნენ. გარდაცვლილს ორი შვილი დარჩა“- ყვება კიდევ ერთი მეზობელი ნათელა ჯორბენაძე

გარდაცვლილი დღეს დილით ეჭვმიტანილის ეზოში იპოვეს. მას ჭრილობა მკლავის არეში აღენიშნება. სავარაუდოდ, სისხლისგან დაიცალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას თავისი ნებით დღეს დილით ჩაბარდა.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილი და ეჭვმიტანილი, ლანჩხუთში ჩინურ კომპანიაში ერთად მუშაობდნენ, რომელიც  ჯაპანა-გრიგორეთის ავტობანის მშენებლობას აწარმოებს.

იტვირთბა....