საფრანგეთის მცხოვრებმა, რომელმაც ნათესავისგან ქალაქგარეთ სახლი მიიღო მემკვიდრეობით, ავეჯის ქვეშ განძი აღმოაჩინა. მამაკაცმა, რომლის სახელი არ საჯაროვდება, მემკვიდრეობით მიღებულ სახლში 100 კილოგრამი ოქრო იპოვა.
ძვირფასი მონეტები და ზოდები მთელ სახლში სხვადასხვა ადგილას იყო დამალული, მათ შორის სააბაზანო ოთახსა და თეთრეულში.
“ფრანს-პრესის” ინფორმაციით, სულ აღმოჩენილია 5000 ოქროს მონეტა, 12-კილოგრამიანი ორი ზოდი და ერთკილოგრამიანი 37 ზოდი. განძი 3,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
სახლი ნორმანდიაში მდებარეობს. მემკვიდრე ავეჯის გაყიდვას აპირებდა და ქონების შესაფასებლად ჩავიდა მემკვიდრეობით მიღებულ სახლში.
სახლში აღმოჩენილი დოკუმენტების თანახმად, სახლის გარდაცვლილ მფლობელს ოქრო კანონიერად ჰქონდა შეძენილი 1950-1960-იან წლებში.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, განძის მპოვნელს მემკვიდრეობის 45-პროცენტიანი გადასახადის გარდა, სამწლიანი საგადასახადო დავალიანების გადახდაც მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილს ოქრო დეკლარირებული არ ჰქონდა.