”გირჩი” პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რომ არ იყოს ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებიც ახალი წლის ღამეს მარიხუანას დათესვაში მიიღებენ მონაწილეობას.
„ამ მომენტისთვის „გირჩის“ დაგეგმილ აქციას უკვე შეუერთდა 800-მდე მოხალისე, აქედან 180-ზე მეტი აცხადებს სურვილს სრულფასოვნად ჩაერთოს აქციაში და ახალი წლის ღამეს ჩვენთან ერთად დათესოს მარიხუანა. მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს – ყურადღება მიაქციონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ ამ ადამიანებზე არ განხორციელდეს რაიმე სახის ზეწოლა. დღეს უკვე ცხადია რომ ამ ტალღის შეჩერება არის შეუძლებელი. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ათასობით მოქალაქე, გვსურს ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, არ ვაყენებთ ზიანს არავის, არ ვაპირებთ არსად გადახვეწას და აღარ ვაპირებთ დამალვას. ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში გადაგზავნილი გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, დავიწყოთ კონსულტაციები როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან, რომ ახალ წლამდე მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ არქაულ და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას”. – განაცხადა პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძემ, საგანგებო ბრიფინგზე, მთავრობას ერთგვარი ულტიმატუმით მიმართა, რომ ახალ წლამდე შეცვალოს და უფრო ლიბერალური გახადოს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერის განცხადებით, პარტიის წევრები, სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად, 31 დეკემბერს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დარგავენ მარიხუანას.