ახალი ამბები მთავარი სამართალი

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ ციხეში აწამებდნენ

დღეს, საქალაქო სასამართლოში ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ხაბელაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბრალდებული პროცესზე გამოცხადდა. ვინაიდან წინა პროცესზე ხაბელაშვილი სასამართლოში არ იყო, მან განმარტებები ამ საკითხზე გააკეთა.

a49378b

”იცის პროკურორმა რომ წამების ფაქტები ხორციელდებოდა და ამბობს, რომ ჩანაწერები წარმოვადგინო. ის მიყენებს ბრალს, არადა მან იცის ამ ფაქტების შესახებ. წინაზეც ვთქვი, რომ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. პროკურორი ესწრებოდა უშუალოდ და ძალიან კარგად იცის” – განაცხადა ბრალდებულმა.

პროკურორის თქმით, ამ საკითზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მისი თქმით, ბრალდებულის განცხადების საფუძველზე მოხსენებითი ბარათით მიმართა ხელმძღვანელობას, რომ ეს საქმე გამოეძიებინათ. ბრალდებულს განემარტა ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვის შესახებ პროცედურები, რის შემდეგაც მოსამართლემ მას კითხვით მიმართა: ითხოვთ თუ არა, რომ საქმე განხილული იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ?  – რაზეც ბრალდებულმა დადებითი პასუხი გასცა.

დაცვის მხარემ იშუამდგომლა საქმის არსებითი განხილვის თაობაზე. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებული უდანაშაულოა.

”ზეწოლას რაც შეეხება, მოწმეები ცემას ასახელებენ, ასევე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეა საუბარი. შესაბამისად ჩვენ მოვითხოვეთ მათი მოწმის სახით მიცემული ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობა. თან, ამავდროულად, ჩვენ ვითხოვდით ამ პირების დაკითხვას უკვე არსებითი განხილვის დროს. იმიტომ, რომ საზოგადოება გამოუტანდა ამას თავის განაჩენს, ადამიანები ნამდვილად აწამეს თუ ისინი იტყუებიან. მიმაჩნია, რომ საქმეში ისეთი მტკიცებულებებია, რომელიც საჭიროებს გამოკვლევას. არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი. ვფიქრობ, რომ გამოძიება არ არის სრული მოცულობით ჩატარებული. არ არის საკმარისი მტკიცებულებები” – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა თამაზ კვახაძემ.

15 დეკემბერი 13 საათი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროდ განისაზღვრა.

შეგახსენებთ, როგორც გამოძიება აცხადებს, 22 თებერვალს ფონიჭალაში 43 წლის ნონა რომანაძეს მკვლელმა ყელი გამოჭრა და სხეულზე დანით 29 ჭრილობა მიაყენა. ნონა რომანაძის 3 წლის ქალიშვილის – მარიამ მამფორიას კი 16 ჯერ ჩაარტყა დანა, ხოლო ცხედარი დაწვა.

იტვირთბა....