ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი: “ვიქტორ დოლიძის განცხადება არის ძალიან შორს სიმართლისგან“

“ვიქტორ დოლიძის განცხადება არის ძალიან შორს სიმართლისგან, რაც ვფიქრობ, ემოციებისგან მოუვიდა”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებები არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს.
„ეს არ არის სწორი განცხადება, რაც გინდა ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს ვიქტორ დოლიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მას არავინ სთხოვს პროკურატურის პოზიციის დაცვას, მაგრამ მინიმუმ მეორე მხარეს არ უნდა გაააკეთოს კომენტარები, მით უფრო, რომ ამ კომენტარს სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ჩვენ ვენდობით ინსტიტუციებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში მოქმედებენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილელები არავითარ შემთხვევაში არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს არც დღეს და არც გასული 4 წლის განმავლობაში, არც ერთ მომენტში ეს ასე არ ყოფილა,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ გუშინ განაცხადა, რომ „კაბელების საქმეზე“ პირების დაპატიმრება იყო ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.
“როგორც ადრე ვამბობდი, ახლაც იგივეს ვიმეორებ – კაბელების საქმეზე პირების დაპატიმრება იყო წინა პრემიერის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩემთვის უმთავრესია პრინციპები და ღირებულებები, რასაც მე არასდროს გადავუხვევ. დანარჩენი სხვა – თანამდებობა, ეს არის მეორეხარისხოვანი. რაც შეეხება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, გიორგი კვირიკაშვილის გუნდში არის სწორი გადაწყვეტილება, ისევე როგორც მანამდე გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით არ მაქვს ერთი კითხვაც კი, სწორად მოვიქეცი თუ არა. კაბელების საქმე და იმ ხუთი ადამიანის დროულად გათავისუფლება, ჩვემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ვფიქრობ, აქედან უფრო მეტის გაკეთებას და მხარდაჭერას შევძლებ. ”-აღნიშნა დოლიძემ.

იტვირთბა....