„იქნებ დაგვიკონკრეტოთ როდესაც გაზრდილ კრიმინალს ახსენებთ, იქნებ ციფრები მოგვიყვანოთ. მე მზად ვარ, რომ ნებისმიერი ციფრები წარმოგიდგინოთ იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილი არ არის. ზეპირად საუბარი ბოდიშს გიხდით, მაგრამ ჭორაობას გავს. დავიღალეთ, კითხვა იყო თუ ბრალდებები უკვე ვეღარ ვარკვევ“, – ამის შესახებ რამდენიმე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა ოპონენტების მიერ დასმულ კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
მან ოპონენტებს მოუწოდა, რომ კრიმინალის შესახებ სტატისტიკა საქსტატს მიეწოდება, საიდანაც შეუძლიათ, რომ ინფორმაცია გამოითხოვონ. მღებრიშვილმა ისაუბრა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შესახებ.
„რაც შეეხება გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას, დადგენილი არიან პირები, მიცემული არიან პასუხისგებაში. ერთი მათგანი დაკავებულია, ერთზე გამოცხადებულია ძებნა. მას არ უფიქსირდება საზღვირის კვეთა, შესაბამისად მიმდინარეობს პროცედურები და უახლოეს პერიოდში მასზე ინტერპოლსაც მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია“- განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს, მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ტერიტორია რომ უკონტროლოა ახალი არ არის თქვენთვის. მიმდინარეობს ამ მიმართულებითაც პროცედურები და ვნახოთ, შედეგებს დაველოდოთ“- განაცხადა მღებრიშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ დაგეგმილია კრიმინალური პოლიციის რეფორმირება.