“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.
დოლიძემ პარტია 12 ნოებერს ოფიციალურად დატოვა. ამის შემდეგ მედიაში მისი ევროინტეგრაციის მინისტრად დანიშვნის საკითხი აქტიურად განიხილებოდა.
დოლიძეს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება მის განათლებას, 1990-1995 წლებში მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო საერთაშორისო სამართალში. ამის შემდეგ სწავლა რომში არსებულ ნატოს თავდაცვით კოლეჯში გააგრძელა. 1999 წელს ის ასევე სწავლობდა თავდაცვის რესურსების ინსტიტუტში, რომელიც აშშ-ში მდებარეობს.
როგორც აღვნიშნე ვიქტორ დოლიძეს დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწავლის დასრულების შემდეგ 1996-1997 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 2000-2001 წლებში ის მუშაობდა საქართველოს საელჩოში ნიდერლანდებში. დოლიძე ასევე იყო საქართველოს წარმომადგენლობის წევრი ნატოში.
მომავალი მინისტრის ბოლო ოფიციალური თანამდებობა საკანონმდებლო ორგანოს უკავშირდება. ის იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.
“მეტრონომი” ევროინტეგრაციის მინისტრის ქონებრივი მდგომარეობითაც დაინტერესდა.
დოლიძეს ქონებრივი დეკლარაცია 2015 წელს აქვს შევსებული და ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ჩოხატაურში, რომლის ფართობი 240 კვ. მ. საცხოვრებელი სახლის გარდა, ჩოხატაურში დოლიძეს 10 000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი აქვს. დოლიძე ასევე ფლობს არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე.
დეკლარაციაში მოხვდა მისი მეუღლის თამარ გიორგაძის ავტომანქანა Toyota Camry BB 119 MM-ც.
დოლიძის ერთწლიანი მოღვაწეობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო ბიუჯეტს 72765 ლარი დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციაში ყოფნისას ვიქტორ დოლიძე ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ “ე.წ კაბელების საქმე პოლიტიკურად შეთითხნილია” და “ის თავიდან ბოლომდე ივანიშვილის დაწყებულია”.