ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მთელი კლასი განადგურებულია”: მასწავლებელი 16 წლის დაღუპული გოგონას შესახებ ყვება

16 წლის გოგონა, რომელიც დღეს დილით შარტავას ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს, თბილისის ერთ-ერთი სკოლის 11-ე კლასის მოსწავლე იყო.
“კვირასთან“ საუბარში სკოლის დირექტორი თამარ ლოსაბერიძე აცხადებს, რომ გოგონა აქტიური მოსწავლე იყო და სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც ძალიან ხშირად იღებდა მონაწილეობას.
როგორც დირექტორის საუბრიდან ირკვევა, გოგონა პარასკევს სკოლაში არ იყო, დღეს კი სკოლაში მისვლას გეგმავდა.
დირექტორი ამბობს, რომ გოგონამ უქმეებზე თანაკლასელს ჰკითხა, თუ რა დავალება მისცა მის კლასს ორშაბათისთვის მათემატიკის პედაგოგმა.
თამარ ლოსაბერიძე ამბობს, რომ 16 წლის გოგონა დეპრესიული არ იყო და არც თანატოლებთან ჰქონია კონფლიქტი.
„ყველანი დაზაფრულები ვართ, არაჩვეულებრივი მოსწავლე იყო. დიდი ადამიანი დაკარგა მისი სახით სკოლამ. კარგად სწავლობდა და სკოლის ღონისძიებებთან დაკავშირებითაც სულ იჩენდა ინიციატივებს. კარგი ხასიათის ბავშვი იყო და მოწყენილობა არ შეგვინიშნავს, არც არავისთან ჰქონია კონფლიქტი. როგორც მისი თანაკლასელი ამბობს, ის პარასკევს სკოლაში არ ყოფილა. მისთვის უკითხავს მათემატიკაში რა დავალება მისცა მასწავლებელმა, რომ დღეისთვის მომზადებული მოსულიყო სკოლაში. ვერ ვხვდები, რა მოხდა… მთელი კლასი განადგურებულია ამ ტრაგედიით, ყველას ძალიან უყვარდა. დილით პატარა დედმამიშვილს ბაღში ტოვებდა და მერე მოდიოდა სკოლაში, მისი ერთი დაც ჩვენთან სწავლობს მე- 9 კლასშია. იგი უფროსი იყო, სულ ოთხი შვილი ჰყავდათ მათ მშობლებს, ყველაზე პატარა 3 თვისაა“, – განუცხადა “კვირას“ თამარ ლოსაბერიძემ.
რაც შეეხება გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ახლობლის ინფორმაციას, რომ გოგონამ შეყვარებულის გამო თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება, დირექტორისთვის უცნობია, ჰყავდა თუ არა არასრულწლოვან გოგონას შეყვარებული.
“არასოდეს შეგვინიშნავს, რომ მმისთვის ვინმეს მოეკითხოს. არც ის გამიგია, რომ შეყვარებული ჰყავდა. ამაზე ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ იგი არაჩვეულებრივი მოსწავლე იყო“, – აღნიშნავს დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის გოგონას ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.
ის დღეს დილით დამ და კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ კორპუსის პანდუსზე გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილის ოჯახი ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ქირით ცხოვრობდა.
გარდაცვლილის მამა ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე ხილს ყიდის.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გოგონას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

kvira.ge

იტვირთბა....