ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეცოპერაცია:დაკავებული ინტერპოლით ძებნილი, ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული

სპეცოპერაციის შესახებ, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ ჩატარდა, შსს მიზეზებს განმარტავს. უწყებაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს და გერმანიის შს სამინისტროებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, დაკავებული ინტერპოლით ძებნილი, ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული:

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს.

 

გერმანელი სამართალდამცველების მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნული მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული და მისი თანამზრახველი, რომელიც ამ დროისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პატიმრობაში იმყოფება და შეფარდებული აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, 2013 წლის 22 ივნისის ქალაქ ნიურნბერგში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შევიდნენ, ბინის მესაკუთრეს ელექტროკაბელებითა და ქსოვილის ნაჭრით ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს და გაგუდეს. აღნიშნულმა პირებმა ბინიდან „როლექსის“ მარკის 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

მიუნხენის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულის დნმ-ის კვალი აღმოჩენილია ცხედარზე, ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებზე: დანის ტარზე, ბინის კორიდორში არსებული კომოდის მარჯვენა სახელურზე, გარდაცვლილის გატეხილ მობილურ ტელეფონზე, დაზარალებულის კუთვნილ ორ ბეჭედზე.

 

გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).

 

დაკავებული საქართველოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდება,”-განაცხადეს შს სამინისტროში.

 

იტვირთბა....