ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტიდან: „მე დღეს ვერ ვიზეიმებ დემოკრატიასა და სამართლიანობას“

„ყველაზე კარგად ვიცი და ყველაზე კარგად იცით თქვენც, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი. ყველაზე კარგად იცით თქვენ თუ  როგორ მოისყიდეთ , დააშინეთ ადამიანები და ასე მოიპოვეთ ეს გამარჯვება. ამიტომ, სამწუხაროდ, მე დღეს ვერ ვიზეიმებ დემოკრატიას და სამართლიანობას“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნების“ დეპუტატებმა ფიცი დადეს არა კონსტიტუციისა და ქვეყნის წინაშე, არამედ არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილის წინაშე, რომელსაც 4 წლის განმავლობაში უმტკიცებდნენ ერთგულებას.

„ასე გააგრძელებთ ამ 4 წლის განმავლობაში. თქვენ გქონდათ 4 წელი იმისთვის, რომ გაგემყარებინათ დემოკრატიული ინსტიტუტები. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ დემოკრატიული ინსტიტუტების და ფასეულობების რღვევა. არ შეიძება სუსი იყოს მთავარი პოლიტიკური მოქმედი პირი, არ შეიძლება სუს-ი იყოს დაკავებული ადამიანის პირადი ცხოვრებაში ქექვით, არ შეიძლება ის იყოს ერთადერთი მმართველი პოლიტიკური პროცესების. არ შეიძლება სასამართლო ემორჩილებოდეს არაფორმალურ მმართველს და არა კანონს, კონსტიტუციას და წესრიგს. არ შეიძლება მოსამართლეები ასეირნებდნენ ძაღლებს მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი იმართება. არ შეიძლება მოსამართლეები ტყუილად გარბოდნენ საავადმყოფოში, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები იმართება. ეს არის არა რომელიმე პარტიის პრობლემა, არამედ ქვეყნის განვითარების პრობლემა“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, დღეს კენჭისყრით პარლამენტის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, რომლის კანდიდატურაზეც „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ის უკვე გამოვიდა სიტყვით დეპუტატების წინაშე, შედგა მასთან კითხვა-პასუხის რეჟიმიც.

იტვირთბა....