ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა: ნორა კვიციანის, გია გვიჩიანის და სხვათა განაჩენები გადაიხედება

 

საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სამ სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის გახმაურებული მკვლელობის საქმეებზე უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მუშაობის შედეგად, პროკურორის დადგენილების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სს „ეი-ი-ეს“ თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების: გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ. ასევე, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის თამაზ გოგიას და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული მსჯავრდებულის ნორა არღვლიანის მიმართ.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვით: გიორგი გვიჩიანი, ნოდარ გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავეებად ნიკოლოზ ლომინაძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

სასამართლომ უდაო ფაქტად მიიჩნია ის, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა მოხდა მაყუჩიანი „მაკაროვის“ სისტემის იარაღით. ხელახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსურ-კომისიური, ფიზიკო-ტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გარდაცვლილის სხეულზე არსებული ჭრილობის სურათის მიხედვით, კატეგორიულად გამორიცხავს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას – ნიკოლოზ ლომინაძის მაყუჩიანი იარაღით მკვლელობის თაობაზე; გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ცალსახად უთითებენ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ.

ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე იმჟამად გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები, რაც გიორგი გვიჩიანის, ნოდარ გვიჩიანის, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა. ხელახალი გამოძიებისას კი გამოვლინდა არაერთი გარემოება, რაც სასამართლოების განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებულ სურათზე მიუთითებს.

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის თამაზ გოგიას მიმართ, რომელსაც 2010 წლის 13 აგვისტოს განაჩენით მკვლელობისთვის 17 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა.

თამაზ გოგია მსჯავრდებულ იქნა, მასზედ რომ 2009 წლის 11 ნოემბერს, თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე გენერალ თამაზ ნინუას საცხოვრებელ ბინაში, კომპანიის წილებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გამო, მან მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით, ანგარებით, მოკლა ჯერ თამაზ ნინუა, ხოლო შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით მისი მეუღლე ეთერ ნინუა.

თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა თამაზ გოგიას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე, რაც გახდა მთავარი მტკიცებულება თამაზ გოგიას მიმართ მკვლელობაში მსჯავრდებისთვის.

ახალი გამოძიების პირობებში, 2016 წლის 06 ივლისს, ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა კომისიური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამორიცხა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდებზე დენთის კვალის არსებობის ფაქტი და ეჭვქვეშ დააყენა ხსენებული მტკიცებულების რელევანტურობა.

გარდა ამისა, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით.

ასევე, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო და ახლად გამოვლენილი გარემოებები გამოარკვია ნორა არღვლიანის საქმეზე. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს სამართალდამცავებმა თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ და მას ბრალდება წარუდგინეს ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე.

2006 წლის 25 ივლისს, კოდორში განვითარებული მოვლენების დროს, ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა ემზარ კვიციანის და ნორა არღვლიანი, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა სამართალდამცავებისთვის არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, ნორა არღვლიანის ადგილობრივი მოსახლეობის და კოდორისგან ჩამოცილების და გაქცეულ ემზარ კვიციანზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს ნორა არღვლიანის შეპყრობა.ი

კოდორის ხეობის დაკავებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს, შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ნორა არღვლიანს და ყოველგვარი დაკავების ოქმის შევსების და სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, მისი უფლებების უხეში დარღვევით, იგი გადაიყვანეს თბილისში მოდულის შენობაში და მხოლოდ 29 ივლისს, მისი შეპყრობიდან 2 დღის შემდეგ დაიწყეს ყალბი მტკიცებულებების შექმნით პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.

კერძოდ, სამართალდამცავების ოფიციალური ვერსიით, ნორა არღვლიანის დაკავება თითქოს მოხდა 29 ივლისს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების შემდეგ. მაშინ როდესაც ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანის საცხოვრებელ ბინაში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავები კოდორის ხეობაში საერთოდ არ ყოფილან და კოდორის ხეობაში მათი შესვლისას მისი საცხოვრებელი სახლი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიტუაციის მართვის შტაბად გამოიყენებოდა, ნორა არღვლიანი კი უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მოდულის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი.

ნორა არღვლიანის ბრალდების დამძიმების და მისთვის მძიმე სასჯელის დაკისრების მიზნით, მას ასევე წარუდგინეს მითვისების ცრუ ბრალდება, თითქოს 2005 წელს, მან ჰუმანიტარული საქონელი ნაცვლად სოფელ ჩხალთის მოსახლეობისთვის დარიგებისა, თავად მიითვისა და ასევე თითქოს იგი მოუწოდებდა ბატალიონ ,,მონადირის“ წევრებს არ დამორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. აღნიშნული ბრალდებები სრულად იქნა გამორიცხული ახალი გამოძიებით და დადასტურდა ნორა არღვლიანის უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებებში. ცრუ ბრალდების საფუძველზე ნორა არღვლიანმა საპატიმრო დაწესებულებაში 6 წელი გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2012 წლის ნოემბერში მოხერხდა.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ყველა მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება.

იტვირთბა....