განათლების და მეცნიერების სამინისტრო 2017 წლის პირველი იანვრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საბაზისო ხელფასის ზრდას არ გეგმავს და მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პედაგოგებს მოემატებათ მომავალ წელს ანაზღაურება.
“საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით 2017 წლის 1 იანვრიდან მასწავლებელთა სახელფასო დანამატის ზრდა განისაზღვრება სქემის შესაბამისად. კერძოდ, უფროსი მასწავლებლის ხელფასი ამჟამად არის 180 ლარი გახდება არანაკლებ 320 ლარი. წამყვანი მასწავლებლის ხელფასი არის 270 ლარი და გახდება არანაკლებ 500 ლარი; ხოლო მენტორი მასწავლებლის ხელფასი არის 400 ლარი და გახდება არანაკლებ 700 ლარი”. – განუცხადეს “მეტრონომს” განათლების სამინისტროში.
განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ჯერ კიდევ 2014 წელს მასწავლებელთა ხელფასის ეტაპობრივ ზრდაზე საუბრობდა:
“2015-2016 აკადემიურ წლებში სკოლის პედაგოგის ხელფასი ორ ეტაპად გაიზრდება, ხოლო 2016-2017 წლებში ხელფასის ზრდა მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით განხორციელდება”.
ოფიციალური ინფორმაციით, მეორე კარიერულ საფეხურზე სერტიფიცირებული მასწავლებლის ანაზღაურება გაიზრდება საშუალოდ 31-34%-ით. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე კი 760 და 860 ლარით უნდა განისაზღვროს.
2016 წლის აპრილიდან, როგორც სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, საბაზო ხელფასი ამჟამინდელ ხელფასთან მიმართებაში 34%-ით გაიზრდება.
მეორე კარიერულ საფეხურზე კი ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით, სრული განაკვეთის შემთხვევაში, საშუალოდ 47%-ით უნდა გაიზარდოს. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე გახდება 875 და 1085 ლარი.
სამინისტროს ცნობით, 2017 წლის იანვრიდან განხორციელდება მასწავლებლის ხელფასის ზრდის მესამე ეტაპი და მეორე კარიერულ საფეხურზე ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით, სრულ განაკვეთის შემთხვევაში, გაიზრდება საშუალოდ 88%-ით. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე კი 1050 და 1250 ლარი უნდა გახდეს.