ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სკანდალი თავდაცვის სამინისტროში: იზორიას დანიშნულ კადრებზე საგამოძიებო მოკვლევა დაიწყო

 

თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ  საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე მოკვლევა დაიწყო.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გუშინ  ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად გიორგი ცაბაძე დანიშნა. სამხედრო ექსპერტებმა ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს, რადგან მათი განცხადებით,  ნინუა და ცაბაძე აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ . ამავდროულად, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე ამტკიცებს, რომ სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ”ნაციონალური მოძრაობის” კადრები არიან, რომლებიც პიარდი შემადგენლობის მიმართ შეურაცხმყოფელი მოქმედებებით გამოირჩეოდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს,  ამ შემთხვევაში კი ნინუასა და ცაბაძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება თავდაცვის მინისტრმა გასცა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი აცხადებს, რომ  მინისტრს აქვს უფლებამოსილება საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დანიშნოს პიროვნება.

ასევე, ცნობილი ხდება იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელშიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მინისტრ იზორიას სთხოვს დანიშნოს ნინუა და ცაბაძე დასახელებულ თანამდებობებზე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონვე მიუთითებს, ისინი შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ:

”გთხოვთ, გადაწყვეტილებას ვიცე-პოლკოვნიკ ნინუასა და ვიცე-პოლკოვნიკ ცაბაძის წარმოდგენილ თანამდებობზე დანიშვნის შესახებ, გამონაკლისის სახით, შერჩევის უმაღლეს საბჭოზე განხილვის გარეშე… დამატებით მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 17 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხებით განსაზღვრულ ოფიცერთა თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს”, – ნათქვამია ჩაჩიბაიას მიერ იზორიასთვის გაგზავნილ წერილში.

იტვირთბა....