“თეთრი ხმაურის მოძრაობის” დაკავებული აქტივისტი და მასთან ერთად მყოფი პირები გაათავისუფლეს. ამის შესახებ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ქეთა გაბუნია წერს, რომელიც ასევე დაკავებულთა შორის იყო.
გაბუნიას ინფორმაციით, დაკავებულ პირებს საავადმყოფიში ტომოგრაფია გაუკეთეს, თუმცა, უარყოფითი შედეგის მიღების შემდეგ, ისინი გაათავისუფლეს.
“მეგობრებო, კარგად ვართ. თვითონ უნდა წამოვეყვანეთ, მაგრამ ბოლო მომენტში გადმოგვსვეს და დაგვტოვეს საავადმყოფოს ეზოში, სადაც მანამდე 400-ლარიანი პროცედურა ჩაგვიტარეს 6 ადამიანს. 6 მანქანით იყვნენ, თითოს 2 ადამიანი გვჩხრეკდა, ამას დამატებული კიდევ 4 ადამიანი ვინც უფროსები იყვნენ. თბილისიდან გამოძახებული კრიმინალური პოლიცია იყო. სახელმწიფო კვლავ უსაგნო ბრალდებებით გვავიწროვებს და ხარჯავს უზარმაზარ რესურსს კვლევებზე, რომლის ფულიც იმ მოსახლეობას, რომელსაც აუცილებლად ჭირდება ასეთი ძვირიანი დიაგნოსტიკა, უარს ეუბნებიან.
„გქონდეს კლუბი და იყო თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, უკვე სტიგმაა.” – წერს გაბუნია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აქტივისტი ქეთა გაბუნია და ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები დააკავეს. შსს-ში განმარტეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნარკოტიკულ ნივთიერებას ეძებდნენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მომავალი მოძრაობის კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი კიკონიშვილი პატრულის თანამშრომლებმა ტაქსიდან გადმოიყვანეს და საფუძვლიანად გაჩხრიკეს. პოლიციის თანამშრომლების კითხვები გიორგის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებების ფლობას შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლისადმი პატრულს ინტერესი არ გამოუვლენია, მათი ძირითადი სამიზნე სწორედ მოძრაობის წარმომადგენელი გახლდათ. მას შემდეგ რაც გიორგი კიკონიშვილს კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა, ის გაათავისუფლეს.
“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ცნობით, დღევანდელ ფაქტსა და ბოლო პერიოდში გახშირებულ დაკავებებზე მოძრაობა უახლოეს მომავალში საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.