ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“3 პურის ნაცვლად 2-ს ვიყიდი, ბატონო პრემიერო, შეგრცხვეთ”: არჩილ გამზარდია პრემიერის წინააღმდეგ

 

„ბატონო პრემიერო, შეგრცხვეთ მაინც მსგავს რამეს რომ ამბობთ“,- პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი  არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

„პრემიერი გვარწმუნებს, რომ ლარის გაუფასურება დადებითი პროცესით არის განპირობებული.

რადგან გვარწმუნებენ რომ ეგრეა, რას ვიზამ, წავალ და 3 პურის ნაცვლად 2 პურს ვიყიდი; მამაჩემს წამლების დოზას გავუნახევრებ, თუ ცოცხალი არ დარჩება – თავს დავიიმედებ, რომ ეს დადებითი პროცესით არის განპირობებული-თქო; თუ დიაბეტიან დედას წამლებსა და სპეციალურ საკვებს ვერ შევუძენ, მაინც გავიხარებ, რომ ეს თურმე კარგი ამბების გამო ხდება; თუ შვილებს ვერ მოვუვლი სათანადოდ, კატასტროფულად გაზრდილი ფასების გამო, უცხოურ ვალუტაში არსებული ვალების და სხვა ფაქტორების გამო… თავს დავიიმედებ, რომ დადებითი პროცესების შედეგია ასე უფრო დამძიმებული და გაუბედურებული ცხოვრება მეთქი.

ბატონო პრემიერო, შეგრცხვეთ მაინც მსგავს რამეს რომ ამბობთ. შეწუხდით მაინც ვიდრე ასე უტიფრად გვეუბნებოდეთ, რომ თურმე აგვიწყვია ცხოვრება და ეგაა… შერცხვება ადამიანს თქვენს ნაცვლად. ვიცი და ვხედავ რომ კარგი დიპლომატი ხართ და ამიტომ გთხოვთ, საჭირო სიტყვები მაინც მოძებნეთ, თქვე კაი ადამიანო, გული მაინც იტკინეთ, თორემ კარგავთ კავშირს საკუთარ მოქალაქეებთან და საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელში, თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება ხელში და საკუთარ ხალხთან გაწყვეტილი კავშირი, კი მიმიხვდებით რასაც გვიქადის ჩვენც და თქვენც; ნუ გასწირავთ, ბატონო პრემიერო საკუთარ თავს დიქტატორად ჩამოყალიბებისათვის.“ – წერს გამზარდია.

შეგახსენებთ, რომ როგორც ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, ლარის კურსის ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა ძალიან გაზრდილია და ქვეყანაში მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა:

„რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები დაცემულია, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს. ამის გამო არის სწორად ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, ყველა ლოგიკით. ასევე, ეროვნულ ბანკთან ერთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, რათა დავეხმაროთ ლარის დასტაბილურებას და გამყარებას”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....