„ეს რიტუალი არ იყო. ეს იყო წარმოდგენა, თამაში“- ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა 56-ე საბავშვო ბაღში გადაღებულ ვიდეოს, სადაც აღსაზრდელები ქორწილის სცენის იმიტირებას აკეთებენ.
„ეს რიტუალი არ იყო. ეს იყო წარმოდგენა, თამაში. თქვენ ყველას, ვფიქრობ, ბავშვობაში გითამაშიათ ბევრნაირი თამაში. ახალი კანონით მომავალი წლიდან ჩვენ უნდა შევქმნათ სასწავლო პროგრამა, თუმცა, სასწავლო პროგრამა არ არის გარანტია. პედაგოგი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მან უნდა გადაწყვიტოს მისი ბავშვებისთვის რა არის სწორი და რა არასწორი. თუ ვინმე დაარღვევს ბავშვების უფლებებს, ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებს ბავშვებს, ის უნდა დაისაჯოს ძალიან მკაცრად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. თუმცა კომპეტენტური ხალხი გაარკვევს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ვფიქრობ, ჩვენმა ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა შეიმეცნონ ცხოვრება და პირადად მე არ ვიზიარებ დამოკიდებულებას, რომ სკანდალად და უბედურებად გადავაქციოთ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც 56-ე ბაღის აღმზრდელებმა ბავშვებს ქორწილის სცენა დაადგმევინეს.