შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ა.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მდინარე მტკვარში მეთევზემ ცხედარი შენიშნა.
“გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ფაქტს. კერძოდ, 1987 წელს დაბადებულმა ა.ზ.-მ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ გ.ძ.-ს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან მეორე დღეს, რუსთავში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.