ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერი ტრამპს ერთობლივი წერილით გამარჯვებას ულოცავენ

„ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავთ“, – ასე იწყება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერის ერთობლივი წერილი, რომელიც BBC-ზე გამოქვეყნდა.

„ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის რწმენის ერთობლივ ღირებულებებს ეფუძნება. ევროკავშირი და აშშ წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, რათა მოსახლეობის მშვიდობა და კეთილდღეობა უზრუნველეყო, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებში, არამედ მთელი მსოფლიოს ირგვლივ,“- ნათქვამია წერილში.

წერილში ისინი ასევე ამბობენ, რომ ახლა, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცება. მათივე განმარტებით, მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი ისეთ საფრთხეებთან გამკლავება, როგორიც დაეში, უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა, კლიმატის ცვლილებების კონტროლი და მიგრაციაა.

„საბედნიეროდ, ევროკავშირისა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა იმდენად ღრმაა, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძლებთ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, გავუმკლავდებით იმ საფრთხეს, რომლის წინაშე აღმოსავლეთ და სამხრეთი ევროპის ქვეყნები დგანან. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რათა ჩვენი თანამშრომლობა დარჩეს ისეთივე მტკიცე და ხანგრძლივი, როგორც აქამდე,“-ნათქვამია წერილში.

დონალდ ტრამპის მისალოც წერილში ტუსკმა და იუნკერმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ კიდევ უფრო უნდა განამტკიცონ ტრანსატლანტიკური ხიდის მშენებლობა.  მათ ახალი პრეზიდენტი ევროპაში უკვე მიიწვიეს.

შეგახსენებთ,  აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.  აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას კი ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი დაიკავებს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.

 

იტვირთბა....