13-16 წლის ბავშვები რიტუალის შესასრულებლად წყნეთის სასაფლაოზე იკრიბებიან, – ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ „კვირას“ წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღოლი, მამა იოანე(ოქროპირიძე) ესაუბრა.
მისი თქმით, წყნეთში მოქმედი სექტის შესახებ მას ინფორმაცია უკვე რამდენიმე წელია აქვს და პრობლემა საკმაოდ გლობალურია. სასულიერო პირი ამბობს, რომ მსგავსი სექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებობს.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს მოზარდების სექტები, ეს ახალი არაა, ეს არის სერიოზული პრობლემა. სექტაში გაერთიანებული ბავშვები, ჩვენი ინფორმაციით, წყნეთის სასაფლაოზე იკრიბებიან და სხვადასხვა რიტუალს ასრულებენ, კონკრეტულად რა რიტუალებს, არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. ეს, მე როგორც ვიცი, ამჟამადაც ხდება. ჩვენ, ეკლესიას, რა შეგვიძლია ამ შემთხვევაში? ჩვენ მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეგვიძლია – ვიაროთ სკოლებში, უნივერსიტეტებში და ვიქადაგოთ“, – აცხადებს მამა იოანე.
წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღოლი არ გამორიცხავს, რომ მოზარდების უკან, შესაძლოა, გაცილებით სერიოზული ძალა იდგეს. აქედან გამომდინარე, მამა იოანე მიიჩნევს, რომ ისეთი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, რომელიც გასულ კვირას თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა, ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რაშიც საზოგადოება და ყველა სახელისუფლებო უწყება უნდა ჩაერთოს.
„მსგავსი პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა გააქტიურდეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და უნდა მივმართოთ ყველანაირ პრევენციას, საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც“, – ამბობს მამა იოანე.
„კვირას“ მცხეთაში მცხოვრები პირი უყვება, რომ გასულ წელს წყნეთში, მიტოვებულ შენობაში, სადაც ეკლესიის ზარებს ასხამდნენ, 13-14 წლის მოზარდები იკრიბებოდნენ და სხვადასხვა რიტუალს ასრულებდნენ. როგორც გაზეთი წერს, აღნიშნულმა პირმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.
“მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ რა ხდებოდა იმ შენობაში, სადაც ეკლესიის ზარებს ასხამდნენ: იკრიბებოდნენ 13-14 წლის ბავშვები და ასრულებდნენ სხვადასხვა რიტუალს. იქ იყო რაღაც უცნაური საგნებიც, ბევრჯერ ვნახე შავი სანთლები, მოკლული ცხოველები. გახმაურების შემდეგ, ამ სექტის წევრებმა ადგილი შეიცვალეს. თუ ვინმე დაინტერესდება, შეუძლია მივიდეს იმ მიტოვებულ შენობაში და ნახოს იმ სექტის წევრების „ნასახლარი“, – განაცხადა „კვირასთან“ წყნეთის მცხოვრებმა.
Kvira.ge