ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იზორია ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა. ლევან იზორიას და გენერალ ჯონ ნიკოლსონის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ნიკოლსონს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების ჩართულობას. ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერას როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ასევე მის გარეთ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი გვაყვდა. სწორედ გენერალ ნიკოლსონის სარდლობის ქვეშ ახორციელებენ ოპერატიულ საქმიანობას ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში. მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ჩვენ ამერიკული მხრიდან ვგრძნობთ როგორც ავღანეთში ისე საქართველოში.  მომავალში დავგეგმეთ თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ფორმატი. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ განვახორციელოთ საქართველოს მზადყოფნის პროგრამა, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის გაფორმებული მემორანდუმით არის გათვალისწინებული. გენერალმა  სურვილი გამოთქვა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამის იმპლემენტაციაში და მხარდაჭერაც აღგვითქვა პროგრამის წარმატებულად განხორციელების საქმეში“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

„მტკიცე მხარდამჭერი“ მისიის მეთაურმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველ სამხედროებს ღირსეული პარტნიორები უწოდა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ როგორც ნატოს „მტკიცე მხარდამჭერი“ მისიის  მეთაური. ქართველი სამხედროების მეთაურობა ჩემთვის ღირსების საკითხია. საქართველო ავღანეთში ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უდიდესი მსხვერპლისა და შეერთებული შტატებისა და ნატოს მხარდაჭერისთვის  ავღანეთში. აშშ საქართველოს გვერდით იდგება, რადგან საქართველო ყოველთვის ჩვენთან არის როცა ჩვენ მას დახმარებისთვის მივმართავთ“ – აღნიშნა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა.

შეხვედრას ასევე ეწსრებოდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.

იტვირთბა....