რამდენიმე დღის წინ გახსნილი საზარელი დანაშაულის ექსკლუზიურ დეტალებზე გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს:
„დედაქალაქი შეძრა სასტიკმა მკვლელობამ – გამოძიების ინფორმაციით, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში მხილებულია მისი 18 წლის ქალიშვილი, ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილი. ის უკვე დააკავეს სამართალდამცავებმა. ძალოვანებმა 5 პირი დააკავეს, ყველა მათგანი ირმა ყოჩიაშვილის მეგობარია. 3 ბრალდებულს ჯგუფურ მკვლელობაში ედება ბრალი, მათგან ერთი არასრულწლოვანია, კიდევ 2 პირს დანაშაულის დამალვაში ამხელენ.
აი, რა გვიამბო ოჯახის ახლობელმა: – დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ დანახშირებული ძვლები ჩვენი ნონასი (შინაურები ასე ვეძახდით) იყო. ნაგავსაყრელზე საეჭვო კვალი მოხუცმა მამაკაცმა იპოვა და შეატყობინა პოლიციას. მაშინვე არ უთქვამთ, რომ ქალი იპოვეს. თავიდანვე შვილზე იყო ეჭვი, ეს მინიშნება სამართალდამცავებს მამამისმა მისცა, მან გაიყვანა გამომძიებლები კვალზე და ამის შემდეგ ირმას პოლიცია უთვალთვალებდა. მის ტანსაცმელში მალულად ჩიპი დამონტაჟდა. ირმა თავის თანამზრახველებს ხვდებოდა და პოლიცია მათ საუბარს ისმენდა. რაც ყველაზე საგანგაშოა, ომარის მოკვლაც ჰქონდათ დაგეგმილი. ირმამ თავად შესთავაზა მათ, მამამისიც მოეკლათ. შეყვარებულმა ტელეფონით უთხრა ირმას, უნდა მოვიდეო, სახლში უნდა მოეკლათ ისიც… ქალი რომ დაიკარგა, ირმა იმ ღამეს შინ არ ყოფილა. მამამისი ამბობს, მეორე დღეს მთვრალი მოვიდა და მთელი დღე ეძინაო…
იმდენად ვერ იტანდა დედამისს, მეგობრებისთვის უთქვამს, მოვკლათ და მისი ცხედარი გავაქროთ, მკვდარიც არ მინდაო. მან იცოდა ნაშვილები რომ იყო. ეს დედამისმა უთხრა კიდეც. თურმე ამის შემდეგ უფრო აითვალწუნა დედა და მის სიტყვას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას“- წერს კვირის პალიტრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც არასრულწლოვანია, ცნობილი დრამატურგის შვილია, თუმა მის ვინაობას არ ასახელებენ. როგორ აღმოჩნდა იგი ამ ჯგუფთან და რა როლი შეასრულა მკვლელობაში, ამას გამოძიება დაადგენს. მას სახაზინო ადვოკატი იცავდა, მაგრამ ოჯახმა უკვე აიყვანა კერძო ადვოკატი და ის საქმეში ჩაერთო. ამ დრომდე არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს და მას ჯერ ჩვენება არ მიუცია.
გაზეთი წერს ყოჩიაშვილების მეზობლებლების მონათხრობსაც, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. როგორც ისინი ყვებიან, გოგონა, მართალია ხშირად უცნაურად და შემზარავადაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ ეს დროებითი, ასაკობრივი პროტესტის ნიშანი იყო და მალე გაუვლიდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მეგობრები, რომლებიც მასავით უცნაურად იყვნენ ჩაცმული და სახემოხატულები, ასეთ საფრთხეს წარმოადგენდნენ:
„შემზარავი რამ მოხდა და გონს ვერ მოვსულვართ. სექტებზე და მათგან მომდინარე საფრთხეებზე, მართალია, ამდენ ხანს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათი არსებობა არავის გვჯეროდა, ამასობაში კი, თურმე ჩვენს ეზოში დასეირნობდნენ და ხალხს მოსაკლავად ათვალიერებდნენ“- ყვება ერთ-ერთი მეზობელი.
„შოკში ვარ, ამბობენ, გამოძიებისთვის უთქვამს, დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო, ვინ იცის ჩვენც არ მოვწონდით და მერე ჩვენც ამოგვიღებდა სამიზნეში თავიანთი საზარელი რიტუალებისთვის.
არ ვიცი რა დაუშავა დედ-მამამ ასეთი. საოცრად წყნარი და უპრობლემო ოჯახი იყო, მართალია ცოტა ჩაკეტილი, დიდად არ ურთიერთობდნენ ჩვენთან, მაგრამ მაგათგან ხმამაღალი ლაპარაკი არ გაგვიგია, ვიდრე გოგონა პატარა იყო, რომ წამოიზარდა, ცოტა კონფლიქტებმა კი მოიმატა, მაგრამ ვის ოჯახში არ ხდება ასე, როცა ბავშვები იზრდებიან?
ვიდრე გოგო პატარა იყო, ხელჩაკიდებულს დაატარებდნენ სულ, ეზოში სათამაშოდ ძალიან იშვიათად უშვებდნენ, უკან დასდევდნენ, ასწავლიდნენ… ამან კი როგორც კი მოიზარდა, ასაკოვან მშობლებს მოერია, სკოლა მიატოვა და რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. დედა კი დაუძლურებული ჰყავდა, მაგრამ საწყალი მამამისი სულ ეჩხუბებოდა, – რომელ მამას უნდა შვილი უფსკრულში გადავარდეს?! ერთხელ მეზობლებმა უთხრეს, – შენი შვილი ტაქსისტებს აგდებსო და გადაირია კაცი. გოგო შუაღამისას ტაქსებით მოდიოდა, ტაქსისტებს სადარბაზოსთან დააყუდებდა, ფულს ჩამოვიტანო და რა თქმა უნდა, არ ჩამოჰქონდა“- ყვებიან მეზობლები.
მათი თქმით, ბრალდებულის დედ-მამა განათლებული ხალხია და სულ მუშაობდნენ.
„უბედური ქალი სანამ დაუძლურდებოდა, ცნობილი პედაგოგი იყო ფიზიკაში, ლექციებს კითხულობდა უმაღლეს სასწავლებელში. მამაც მუდამ მუშაობდა და ახლაც მუშაობს თან სულ პასუხსაგებ სამსახურებში. ასე რომ, შვილისთვის არაფერი დაუკლიათ; შეიძლება ოჯახში დიდი ხალისი და ტაშ-ფანდურა ვეღარ იყო, ხალხი დამძიმებული იყო, რადგან ვიდრე გოგონას იშვილებდნენ, მანამდე 22 წლის გოგო დაეღუპათ. იმასაც ირმა ერქვა…
მარიამს ფსიქიკაში აერია რაღაც, როგორც ჩანს, ან საშინელ წრეში მოხვდა და იმათ გადაუბრუნეს გონება, ნელ-ნელა ისე შეიცვალა, მის გარეგნობაზე მაინც უნდა მივმხვდარიყავით, რომ რაღაც სჭირდა.
მშვენიერი გარეგნობის ბავშვი იყო, მაგრამ თავი სპეციალურად დაიმახინჯა, მის შეხედვაზე ადამიანს შიში აიტანდა, – თავის ნახევარი გადაიხოტრა, მეორე ნახევარზე ნაწნავი ჰქონდა; სულ ტატუირებული იყო, მთელ ტანზე; ბოლოს სახეზე, თვალების ქვეშ კატის ბრჭყალები დაიხატა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, რატომღაც სიმშვიდე დაკარგული არ ჰქონდა…
არა მგონია, მომხდარის შემდეგ, როდესმე ადამიანურად იცხოვროს, დაფიქრდება რა გააკეთა და დაიტანჯება. ბოლო დღეებში მამას ეუბნებოდა თურმე, – შუქი არ გამორთო, მეშინიაო.
ქმარი მეუღლეს ტელეფონით შუადღისას ელაპარაკა თურმე, საღამოს კი ქალი, რომელიც ლოგინს იყო მიჯაჭვული, სახლში აღარ დახვდა. სწორედ ამ პერიოდში მოკლეს – ჯერ აწამეს, მერე ელექტროშოკით გათიშეს, ბოლოს დიდ ტომარში ჩატენეს და წაიღეს…“- ამბობენ მეზობლები.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ შსს-მ 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 3 პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალის შვილია. ორი პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დააკავეს. როგორც შსს-შ- განაცხადეს, სამმა პირმა 76 წლის ქალი ჯერ ელექქტროშოკით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს, დანით ჭრილობები მიაყენეს, გვამი სხვა სახლში გადაიტანეს, სადაც კიდურები მოაჭრეს და შემდეგ კი გლდანის ნაგავსაყრელზე დაწვეს. ამ საქმის პროკურორის ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებილმა გარდაცვლილი ქალის ორგანოებიც შეჭამა, რასაც თავადაც აღიარებს.
წყარო: „კვირის პალიტრა“