საქალაქო სასამართლოში ”ცენტრ-პოინტის” საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
სასამართლოში წარმოდგენილი იყვნენ ბრალდებულები გურამ რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი. როგორც მოსამართლის თანაშემწემ განაცხადა, სხდომაზე ორი ადვოკატი არ იმყოფებოდა, რადგან მათგან ერთი ამ საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს, მაია რჩეულიშვილს ხვდებოდა, ხოლო მეორეს კი სხვა პროცესი ჰქონდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. დაუშვებლად იქნა ცნობილი როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი, ასევე დაცვის მხარისაც.
დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოს სახით შეცვლის შესახებ გუკა რჩეულიშვილის მიმართ. მან სასამართლოს შესთავაზა გირაო 150 000 ლარი.
კომენტარი გააკეთა ასევე ბრალდებულმა გუკა რჩეულიშვილმაც.
”დაზარალებულებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ბოლომდე ვიღებთ ვალდებულებას. იმიტომ რომ ჩემმა შვილებმა უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში… მე ვიცი ეს პროცესი გაიწელება. ჩვენ შეგვიძლია 2 600 დაზარალებულის უზრუნველყოფა კერძო საცხოვრებელით”- განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.
მის ამ განცხადებას დარბაზში მყოფი დაზარალებულების რეპლიკები მოჰყვა. მათთვის გუკა რჩეულიშვილის განცხადება სარწმუნო არ არის.
იგივე შუამდგომლობა დააყენეს ირაკლი მინდელისა და მაია რჩეულიშვილის ადვოკატებმაც.
ირაკლი მინდელმა განაცხადა, რომ მისი პატიმრობაში ყოფნის აზრს ვერ ხედავს და ეთანხმება ადვოკატების შუამდგომლობას.
აღნიშნულ შუამდგომლობებს ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის თქმით, აღნიშნული შუამდგომლობები არ არის საფუძვლიანი და ვერ დაკმაყოფილდება.
ირაკლი მინდელის ადვოკატმა კი დააყენა შუამდგომლობა, შეწყდეს მინდელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან აქ მისი ბრალეულობა არ იკვეთება.
საქმის არსებითი განხილვა17 ნოემბერს, 11 საათისთვის ჩაინიშნა.
ნინო ცხადაია