ახალი ამბები მთავარი სამართალი

მელნიკოვმა ჩვენება მისცა: „სალაყაია ეუბნება ახალაიას, მოაშორე ეს ხალხიო“

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კუდი-ს ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წინააღმდეგ სანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდი-ს N3 განყოფილების უფროსის  მოადგილემ, ოლეგ მელნიკოვმა ჩვენება მისცა. მისი განცხადებით, 2006 წელს  მას დაურეკა დათა ახალაიამ და სთხოვა შარდენ ბარში დაბადების დღეზე გაყოლა. იქ მისულებს კი დახვდათ ვასილ სანოძე (შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი), თათია მაისურაძე და ანა კალანდაძე:

“მაგიდასთან არავითარი კონფლიქტური სიტუაცია არ ყოფილა, მაგრამ თათია მაისურაძე რაღაცას უყვებოდა სალაყაიას. ამ დროს გავიგონე, რომ სალაყაია ეუბნება ახალაიას, მოაშორე ეს ხალხიო. მე დავინახე და გავიგონე, რომ დათა ახალაიამ დაურეკა მეტრეველს და ალანიას. ცოტა ხანში მითხრა, გადი და მეტრეველს შეხვდიო. დამაბარა, ბარიდან გამოვლენ ბიჭები და დაიჭირონო. მე ჩავედი შარდენ ბართან დაბლა, სანაპიროსკენ და მეტრეველს დანაბარები გადავეცი. დათა ახალაიას სიტყვები გადავეცი გერონტი ალანიას, რომელიც იქ იყო. მათ მითხრეს სიგარეტი არ გვაქვს და გვიყიდეო.

ის ორი ბიჭი, ჩვენი მაგიდიდან, ალბათ, მარჯვნივ ისხდნენ, თუმცა მე არ დამინახავს. მე დავინახე მათი დაკავება, ეს ლესელიძის ქუჩაზე მოხდა. ამის შემდეგ წავედი სიგარეტის საყიდლად ბარათაშვილის ხიდთან, ჯიხურები იყო და იქ ვიყიდე სიგარეტი. ამის შემდეგ, დაახლოებით 40 წუთის, ან ერთი საათის შემდეგ  მივედი შარდენ ბარში, ჩავისვი თაკო სალაყაია მანქანაში და წავიყვანე ვერაზე. შემდეგ წავედი მოდულში.

რამდენიმე დღის მერე გავიგე, რომ ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც მაშინ დაიჭირეს, გარდაცვლილი იპოვნეს. ამას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

ერთ დღეს ახალაიასთან მივედი და კაბინეტთან, მოსაცდელში გავიგონე, როგორ უყვიროდა ალანიას, ეს რატომ გააკეთეთო. ხშირად მესმოდა ვანო მერაბიშვილთან მისი ტელეფონზე ლაპარაკი. ერთ-ერთ საღამოს ახალაიამ მითხრა, უნდა წავიდეთო. ახალაია, მე და ალანია წავედით გენერალურ პროკურატურაში. ახალაია ავიდა ადეიშვილთან. დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ ჩამოვიდა იქიდან და ალანიას უთხრა, ციხეში უნდა წახვიდეო. მერე უთხრა, ახლა წავიდეთ პრეზიდენტთანო და ჩვენ წავედით შავნაბადისკენ. დაახლოებით, ერთ საათში ჩამოვიდა იქიდან. ალანია ნერვიულობდა და ახალაია გზაში აწყნარებდა, პრეზიდენტმა თქვა ყველაფერი კარგად იქნება, შევიწყალებო. ამის შემდეგ ალანია, ღაჭავა და ბიბილური რამდენიმე დღეში დაიჭირეს”,- განაცხადა მელნიკოვმა სასამართლოზე.

შეგახსენებთ, რომ დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის.

 

დათა ახალაიას წინააღმდეგ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მოწმის დაკითხვა დღეს დასრულდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს განახლდება.

იტვირთბა....