სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი ტელეკომპანია GDS-თან ინტერვიუში აგარაკის ყიდვის დეტალებს იხსენებს, რომელიც შემდგომ მისი მტკიცებით, სახელმწიფოს გადასცა.
„პრეზიდენტობამდე, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სულხან მოლაშვილმა აგარაკი აიშენა, ხოლო როცა პრეზიდენტი გახდა, სულხან მოლაშვილი დააკავეს და მისი ნათქვამი რომ გამართლებულიყო, მაშინდელი ქალაქის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი მე დამიკავშირდა და შემომთავაზა, წავკისში ან კოჯორში აგარაკი შემეძინა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადამეცა, რის სანაცლოდაც, სულხანს გაათავისუფლებდნენ. ვალერი გრიგალაშვილი საპყრობილეში შევიდა და სულხანი თავისივე მობილურით დამაკავშირა. მეუბნებოდა, რომ სულხანი დამერწმუნებინა. მითხრა, როგორც კი აგარაკს შევიძენდით, სულხანს მეორე დღესვე სახლში გამოუშვებდნენ. სულხანი და მე წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ მისმა მეუღლემ, თათია ბახტურიძემ თქვა, რომ მისი შვილების მამა დასახიჩრებისგან უნდა ეხსნა და უნდა გაეთავისუფლებინა. კრედიტებით შევიძინეთ აგარაკი, რომელიც დღემდე არ ვიცით, სად არის და ნახევარ საათში სახელმწიფოს საჩუქრად გადავეცით. მათ პირობა არ შეასრულეს იმ მიზეზით, რომ ვითომ მაშინდელ სამარცხვინო პრეზიდენტს უცხოეთში ნაწამები სულხანის ფოტოები აჩვენეს, ის გაბრაზდა და სულხანი ამიტომ არ გაათავისუფლეს.
გრიგალაშვილმა განაცხადა, თითქოს, ჩემი ძმა მე ვაწამე, სულხანის საქმე კი, სტრასბურგში დღევანდელი ხელისუფლების დახმარებით მოვიგეთ. ჯერ კიდევ 2011 წლის მარტში, სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ 30 წლის განმავლობაში გეგმავდა, სააკაშვილის რეჟიმმა სულხან მოლაშვილის უკანონო პატიმრობა და წამება აღიარა და რა შუაშია აქ დღევანდელი ხელისუფლება და თეა წულუკიანი.
ჩემი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც სულხანის აღიარება გააგზავნეს და მიხვდნენ, რა შეცდომაც დაუშვეს, რადგან ამის გამჟღავნება არ უნდოდათ. ამის შემდეგ იყო საუბარი იმაზე, რომ თუ სულხანის სარჩელს სტრასბურგიდან გამოვიტანდით, მე დიდ თანამდებობას მომცემდნენ. ჩვენ უარზე ვიყავით და დაჭერამდე 36-37 დღით ადრე შემატყობინეს, რომ ნარკოტიკებს ან იარაღს ჩამიდებდნენ და დამიჭერდნენ. ეს ამბავი ვიდეოზე ჩავწერე და გავავრცელე. პირობა ჰქონდათ, რომ თუ სარჩელს გამოვიტანდით, 1 200 ლარად გამათავისუფლებდნენ. იყო საშიშროება, რომ სტრასბურგი საქმეს სარჩელის გამოტანის შემთხვევაშიც განიხილავდა. სულხანი სარჩელის გამოტანაზე თანახმა იყო, მაგრამ მე წინააღმდეგი ვიყავი. სულხანმა სარჩელი არ გამოიტანა და სტრასბურგმა ის გაამართლა, მე კი, მხოლოდ 2013 წლის 13 იანვარს გამათავისუფლეს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ახლა ციხეში ვიჯდებოდი და იქიდან 2020 წლის 20 იანვარს გამოვიდოდი.
ამისთვის ყველაფერს იგონებდნენ და აკეთებდნენ. 14 წლის ბავშვი მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ ის სულხან მოლაშვილის შვილი იყო. მადლობელი ვარ საპატრიარქოს, მთავრობისა დაპროკურატურის. ამ მთავრობის იმედი მაქვს და მჯერა, რომ სამართლიანობა ყველასთვის აღდგება”.- განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.
შეგახსენებთ, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე პროკურატურის ინფორმაციით, უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა.