ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
3 ნოემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4195 ლარი იქნება. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.7 თეთრით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი ლარი 2.7 თეთრით გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2, 68 ლარი ღირს.
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი დოლარის ღირებულება 2, 46 ლარი აღწევს.
ეროვნული ვალუტის ამგვარი გაუფასურების მიუხედავად, დადებითი მოლოდინი აქვს მთავრობას. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ კურსის დაცემა დროებითია და ლარი აუცილებლად დასტაბილურდება.
“მინდა, დარწმუნებით ვთქვა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არ შეცვლილა, პირიქით, გაუმჯობესებულია. მათ შორის, გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით. ნოემბრის ბოლოს – დეკემბერში ჩაირიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დროებითი და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას და კურსი აუცილებლად გამყარდება”.-ამბობს ხადური.
სების მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი 28 იანვარს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.498 ლარი ღირდა.