ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ალეპოში თავდასხმების შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა

სირიელი სამხედროების განცხადებით, სამი დღის განმავლობაში ალეპოში თავდასხმების შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ქალი და ბავშვია – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ტერორისტული დაჯგუფება “ჯაბჰატ ან-ნუსრას” მებრძოლები დგანან.

სირიის არმიის განცხადების თანახმად, ბოლო 48 საათის განმავლობაში შეიარაღებულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა ალეპოს დასავლეთით საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, რის შედეგადაც, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. მისი განმარტებით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ფაქტს გამართლება არ გააჩნია, რაც შესაძლოა ომის დანაშაულად ჩაითვალოს.

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 30 ოქტომბერს, ალეპოში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 38 სამოქალაქო პირი დაიღუპა. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მეამბოხეებმა ცეცხლი ალეპოს დასავლეთ რაიონებს გაუხსნეს, რომელსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ენტონი ლეიკის განცხადებით, 11 ოქტომბრიდან სირიაში ხუთი სკოლა დაიბომბა.

იტვირთბა....