„მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, მე ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე. მე დღეს ვაკემ ნდობა არ გამომიცხადა და ამ არჩევანს პატივს ვცემ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
„ესე იგი, მე ვერ დაგარწმუნეთ რაღაცაში. მე ვერ მოგისმინეთ საკმარისად. ესე იგი, მე ჯერ არ ვიმსახურებ თქვენს ნდობას, მაგრამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, მე ერთი წამი არ მოვშორდები იმ პრობლემებს, რაც ამდენი თვის განმავლობაში ვნახე. მე გვერდზე დავუდგები ყველას, მიუხედავად იმისა, მომცეს ხმა თუ არა. კამპანიის დროს ბევრჯერ მითქვამს ამომრჩევლისთვის, რომ მე არჩევნების მერე არ გავქრები. ახლა კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, წაგების მერეც არ გავქრები, გავაგრძელებ თქვენი ნდობის მოპოვებას და თქვენი პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლას, ვაკეში, წყნეთში, ახალდაბაში. ჩემ კონკრეტულ გეგმებს გაგაცნობთ ძალიან მალე.
უსამართლო ბრძოლაში ყველაზე საშიში არა მოწინააღმდეგის უნამუსობა ან ძალაა, არამედ უიმედობა, რომელმაც შეიძლება ხელები ჩამოგაყრევინოს. არც ერთი წამი არ უნდა გავიკაროთ ეს განწყობა. მათ ჰყავთ სუსი, ჩვენ გვყავს გულანთბული ხალხი, ახალგაზრდა, ენერგიული, გონებაგახსნილი და პოზიტიური. მათ აქვთ ბევრი ფული, ჩვენ გვაქ იდეა და რწმენა ამ იდეაში. მათ აქვთ კარიერის წყურვილი, ჩვენ გვაქ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანებზე და გავაგრძელოთ ისეთივე შემართებით, როგორც აქამდე“. – წერს ხოშტარია.
მე-2 მაჟორიტარული ოლქში „ქართული ოცნების” კანდიდატმა ბიძინა გეგიძემ ხმების 75,52% მიიღო, ხოლო ელენე ხოშტარიამ -24.48%. ხოშტარია პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიიდან მოხვდა.